სამედიცინო სერვისები ძვირდება და, შესაბამისად, დაზღვევა არათუ ფუფუნება აღარაა, ფუფუნება უკვე მისი არქონაა.

ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გოქსაძემ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის პროექტის ფარგლებში, ფეისბუქ ლაივ ჩართვაში საუბრისას განაცხადა. 

მან მოიყვანა 2020-დან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში სამედიცინო მომსახურების სერვისების ფასების მაჩვენებლები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ეს მომსახურებები მნიშვნელოვნადაა გაძვირებული. 
კერძოდ, თუ 2020 წელს ექიმის კონსულტაციის საშუალო ღირებულება 40-50 ლარი იყო, 2025 წლისთვის ის უკვე 70-100 ლარს შეადგენს. 


ამბულატორიული მომსახურება იგივე პერიოდში 80-120 ლარიდან 150-250 ლარამდე გაძვირდა. ჰოსპიტალიზაცია კი, რომლის ტარიფიც 2020 წელს ერთ პაციენტზე საშუალოდ  800-დან 1200-მდე ლარს შეადგენდა, დღეს 1800-დან 2800 ლარამდეა გაზრდილი.

„დაზღვევა ნამდვილად არაა ფუფუნება. დაზღვევით ჩვენ ვყიდულობთ სიმშვიდის და სტაბილურობის განცდას,“ - აღნიშნა გოქსაძემ.