30 მაისს, გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეს, პაციენტები ერთმანეთის გასაძლიერებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და პოზიტიური გარემოს შესაქმნელად კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
წლევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული ფორმატით გაიმართება და რამდენიმე საინტერესო და ინტერაქციულ აქტივობას გააერთიანებს, რომლის მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების წესის, ემოციური მხარდაჭერისა და სოციალური ჩართულობის მნიშვნელობის გაძლიერებაა.
ღონისძიების მიზანია პაციენტების მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა, თანადგომა და იმ გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები საკუთარ გამოცდილებაზე ღიად საუბარს შეძლებენ. დღეს გაფანტული სკლეროზის მართვა ბევრად უფრო მარტივია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2025 წლიდან გაფანტული სკლეროზის მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოქალაქისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი, რაც პაციენტებს დროული და უწყვეტი მკურნალობის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიგმის დაძლევა, დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და იმ გზავნილის გაძლიერება, რომ ადამიანებმა არ დამალონ საკუთარი მდგომარეობა და არ უგულებელყონ სიმპტომები. გაფანტული სკლეროზის ადრეული დიაგნოსტიკა და დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების პროგრესირების შენელებას და სრულფასოვანი ცხოვრების შენარჩუნებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
საქართველო ამ დღეს 2018 წლიდან შეუერთდა საინფორმაციო კამპანიით „ერთად ერთმანეთისთვის“. 2019 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ პაციენტებისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახადა, ხოლო 2025 წლიდან გაფანტული სკლეროზის მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოქალაქისთვის უფასოდ გახდა შესაძლებელი, რაც პაციენტების ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია.





