საქართველოს მოსახლეობამ იცის, რისი გამოწვევა შეუძლია ჰაერის დაბინძურებას, მაგრამ რაიმე დამცავ ზომებს არ იღებს.
ამის შესახებ საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს.
მისი თქმით, კვლევის ასეთი შედეგები შესაძლოა, რამდენიმე მიზეზით აიხსნებოდეს.
„ამის მიზეზები შეიძლება იყოს ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე, სოციალური ნორმები, შესაძლებლობების გააზრება და სხვადასხვა მხარეებიდან, მათ შორის სამედიცინო პერსონალისგან სწორი ინფორმაციის მიღების საჭიროება. ამიტომ, ჰაერის ხარისხის მონიტორინგთან ერთად, აუცილებელია საკომუნიკაციო კამპანია, სადაც გაჟღერდება ჯანსაღ ქცევაზე მიმართული მესიჯები. ასევე მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის ინფორმირება და გაძლიერება, რათა ეს მესიჯები მოსახლეობამდე მიიტანონ“ - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ და აღნიშნა, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება პროექტი საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაძლიერების მიზნით. პროექტის ხელშემწყობია ევროკავშირი და გაერო, ჯანმო კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომპონენტს უძღვება.
„10 თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სადგურის მეშვეობით, საქართველო უკეთ შეძლებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, დაბინძურების წყაროების გამოვლენასა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას,“ - აცხადებს სილვიუ დომენტე.
მისი განმარტებით, ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი რისკ-ფაქტორია ჯანმრთელობისთვის. დაბინძურებულ ჰაერთან ხანგრძლივი შეხებით შესაძლოა ისეთი დაავადებების გამოწვევა, როგორიცაა ქრონიკული დაავადებები, კარდიოვასკულარული, რესპირატორული თუ სიმსივნური დაავადებები.




