არსებობს დაავადებები, რომელთა მკურნალობას სადაზღვევო კომპანიები არ აფინანსებენ. სტანდარტული მიდგომა ასეთია - ქრონიკული და იშვიათი დაავადებების მკურნალობა და მართვა დიდ და ხანგრძლივ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, რასაც კერძო კომპანიები საკუთარ თავზე არ იღებენ. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც პაციენტთა ამ კატეგორიისთვის მკურნალობის დაფინანსების ერთადერთი მექანიზმია. ხოლო როცა სახელმწიფოს კონკრეტული დაავადების სამკურნალო პროგრამა არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ პაციენტები „ჰაერში“ რჩებიან და, ერთეულების გარდა, ვისაც საამისო თანხები გააჩნია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებისთვის არიან განწირულნი. ამ ადამიანების მხარში დგომა, პირველ რიგში, სახელმწიფოს ჰუმანური ვალდებულებაა, თუმცა საკითხს პრაგმატული, ფინანსური მხარეც აქვს - მკურნალობის გარეშე დარჩენილი და ამის გამო გართულებული პაციენტების მკურნალობა და მათზე ზრუნვა მომავალში სახელმწიფოს გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე ადრეულ მკურნალობაში ჩადებული ფინანსები. ეს საკითხი განსაკუთრებით თვალსაჩინო თვალის დაავადებების შემთხვევაშია.
ზოგადად, სიბრმავის გამომწვევი ოთხი ძირითადი დაავადება არსებობს: გლაუკომა, კატარაქტა, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტინოპათია (დიაბეტური მაკულის შეშუპება). პირველი ორი დაავადების მკურნალობა სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება, ხოლო ბოლო ორის შემთხვევაში მკურნალობა პაციენტებისთვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომი არ არის.
მკურნალობა გულისხმობს ანტიანგიოგენეზური პრეპარატების თვალშიდა ინექციების სახით შეყვანას, რაც დაავადების პროგრესირების შეჩერების ერთადერთი ეფექტური გზაა. ამ მედიკამენტებს ბადურის დაავადებების მკურნალობაში ალტერნატივა არ გააჩნია. თუმცა ათასობით პაციენტს მათი საკუთარი სახსრებით შეძენა არ შეუძლია და ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულებს აქვთ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიაბეტის მართვის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა - საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს დიაბეტის სახელმწიფო პროგრამა. სპეციალისტების შეფასებით, ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი პროგრამის გაფართოება და მისი ეფექტიანობის გაზრდაა, რათა დიაბეტის მქონე პაციენტების მართვა იყოს კომპლექსური და მოიცავდეს თვალის ჯანმრთელობის კომპონენტსაც.
ამ საკითხების ირგლივ გთავაზობთ ინტერვიუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრთან, მედიცინის დოქტორთან, ჯანდაცვის, ეკონომიკის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტ ლელა შენგელიასთან.
- როდესაც სახელმწიფო ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის დაფინანსების გადაწყვეტილებას იღებს, საკითხის ჰუმანური მხარის გარდა, განხილვის თემაა მისი ფინანსური ასპექტიც. სწორედ აქ შემოდის ჯანდაცვის ეკონომიკაში არსებული „უმოქმედობის ხარჯის“ ცნება (Cost of inaction) — ანუ, წმინდა ფინანსური მხრიდან რომ შევხედოთ, რა დაუჯდება ქვეყანას ამ დაავადების მკურნალობაზე უარის თქმა მომავალში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული უკვე გართულებული დაავადების მკურნალობა. ერთ-ერთი დაავადება, რომლის შემთხვევაშიც ეს საკითხი აქტუალურია, დიაბეტური რეტინოპათიაა, რომლის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტები ცენტრალიზებული სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. როგორია თქვენი ხედვა ამ თვალსაზრისით?
- ჯანდაცვის ეკონომიკაში სულ უფრო ხშირად გამოიყენება ცნება „უმოქმედობის ხარჯი“ (Cost of Inaction), რომელიც გულისხმობს იმ ეკონომიკურ და სოციალურ დანაკარგებს, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დაავადების დროული დიაგნოსტიკა ან ეფექტიანი მკურნალობა არ ფინანსდება. დიაბეტური რეტინოპათია და დიაბეტური მაკულარული შეშუპება სწორედ ისეთი დაავადებებია, სადაც მკურნალობის დაგვიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ხვდება არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. პირველ რიგში, იზრდება პირდაპირი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსთან, სოციალური დახმარების პროგრამებთან, რეაბილიტაციასთან, დამხმარე საშუალებებთან და სხვა მხარდამჭერ სერვისებთან. ასევე, მხედველობის დაკარგვის მქონე პაციენტებში იზრდება ტრავმების, დაცემების, დეპრესიისა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების რისკი, რაც დამატებით ტვირთს ქმნის ჯანდაცვის სისტემისთვის.
მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არაპირდაპირი ეკონომიკური დანაკარგები. დიაბეტური რეტინოპათია ხშირად აზიანებს შრომისუნარიან ასაკში მყოფ ადამიანებს. მხედველობის დაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო უნარის შემცირება ან სრული დაკარგვა, რაც ნიშნავს პროდუქტიულობის კლებას, დასაქმების შემცირებას და საგადასახადო შემოსავლების დაკარგვას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ტვირთსაც. პრაქტიკაში, მხედველობადაქვეითებულ ადამიანს ხშირად სჭირდება ოჯახის წევრის დახმარება, რაც დამატებით ზღუდავს ამ ოჯახის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ზოგიერთ შემთხვევაში მეორე ადამიანის შრომითი აქტივობის შემცირებასაც იწვევს.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე ჯანდაცვის ეკონომიკა დაავადების ეფექტიან მკურნალობას მხოლოდ ხარჯად არ განიხილავს. ეს არის ინვესტიცია, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქის ფუნქციური დამოუკიდებლობის, შრომითი აქტივობისა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებას, ხოლო სახელმწიფოსთვის ამცირებს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ხარჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური დანაკარგები ხშირად მნიშვნელოვნად აღემატება დროული მკურნალობისა და პრევენციის ხარჯებს. ამიტომ ჯანდაცვის პოლიტიკის თვალსაზრისით, მკურნალობის დაფინანსება არა მხოლოდ კლინიკური, არამედ ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაცაა.
- საერთაშორისო პრაქტიკას რომ გადავხედოთ, როგორ მუშაობს მოდელი, სადაც ქრონიკული დაავადებების მკურნალობაში ჩადებული ფული რეალურად ინვესტიციაა და პაციენტს შრომისუნარიანობას უნარჩუნებს?
- განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვის პოლიტიკა სულ უფრო მეტად ეფუძნება ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების (HTA – Health Technology Assessment) პრინციპს. ეს მიდგომა სამედიცინო ხარჯს არ განიხილავს მხოლოდ როგორც ბიუჯეტურ დანახარჯს, არამედ აფასებს, რა სარგებელს მოუტანს ეს ინვესტიცია პაციენტს, ჯანდაცვის სისტემასა და მთლიანად ეკონომიკას.
სწორედ ამ მიდგომით მიიღეს გადაწყვეტილება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და აშშ, სადაც დიაბეტური რეტინოპათიისა და დიაბეტური მაკულარული შეშუპების თანამედროვე მკურნალობა ფართოდ ფინანსდება. ამ ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ მხედველობის შენარჩუნება ნიშნავს ადამიანის შრომისუნარიანობის, დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებას.
ეკონომიკური თვალსაზრისით, სახელმწიფოსთვის ბევრად უფრო ეფექტურია პაციენტის მკურნალობის დაფინანსება, ვიდრე მოგვიანებით უსინათლობით გამოწვეული სოციალური, სამედიცინო და ეკონომიკური შედეგების მართვა. როდესაც ადამიანი ინარჩუნებს მხედველობას, ის აგრძელებს მუშაობას, იხდის გადასახადებს, ინარჩუნებს დამოუკიდებელ ცხოვრებას და ნაკლებად საჭიროებს სოციალურ მხარდაჭერას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თანამედროვე anti-VEGF თერაპია არ წარმოადგენს მუდმივად მზარდ ფინანსურ ტვირთს. საერთაშორისო კლინიკური გაიდლაინები, მათ შორის EURETINA-ს რეკომენდაციები, ეფუძნება „Treat-and-Extend“ მოდელს, რომლის მიხედვითაც მკურნალობა ყველაზე ინტენსიურია პირველ ეტაპზე, ხოლო დაავადების კონტროლის მიღწევის შემდეგ ინექციებს შორის ინტერვალები იზრდება და მკურნალობის სიხშირე მცირდება.
ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ძირითადი ინვესტიცია კეთდება მკურნალობის საწყის წლებში, ხოლო შემდგომ პერიოდში ხარჯი, როგორც წესი, მნიშვნელოვნად მცირდება. შედეგად, მიიღება გრძელვადიანი სარგებელი — შენარჩუნებული მხედველობა, შრომისუნარიანობა და შემცირებული სოციალური ტვირთი.
საერთაშორისო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ ქრონიკული დაავადებების ეფექტიანი მართვა მხოლოდ სამედიცინო გადაწყვეტილება არ არის. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ქვეყანას ეხმარება შეინარჩუნოს ჯანმრთელი, აქტიური და პროდუქტიული მოსახლეობა.
- როდესაც არ გვაქვს ზუსტი ლოკალური სტატისტიკა, რამდენად კარგი საყრდენია გადაწყვეტილების მისაღებად აჭარის წარმატებული პრეცედენტი, სადაც ეს მედიკამენტები ფინანსდება?
- იდეალურ შემთხვევაში, ჯანდაცვის პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს სრულყოფილ ეროვნულ მონაცემებს, დაავადებათა რეგისტრებსა და ხარჯთეფექტურობის ადგილობრივ შეფასებებს. თუმცა პრაქტიკაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, გადაწყვეტილებების მიღება ხშირად ხდება არსებული საუკეთესო მტკიცებულებების საფუძველზე. ამ კონტექსტში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პროგრამა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას საქართველოსთვის. ეს არის რეალურ პირობებში განხორციელებული ინტერვენცია, რომელმაც აჩვენა, რომ პროგრამის ადმინისტრირება, პაციენტების იდენტიფიცირება, მომსახურების მიწოდება და დაფინანსება პრაქტიკულად განხორციელებადია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აჭარის გამოცდილებამ შექმნა ადგილობრივი მტკიცებულება, რომელიც ბევრად უფრო ღირებულია გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ვიდრე მხოლოდ საერთაშორისო მაგალითები. პროგრამამ პრაქტიკაში დაადასტურა, რომ შესაბამისი კლინიკური რესურსი ქვეყანაში არსებობს და სერვისის ორგანიზება შესაძლებელია.
რა თქმა უნდა, აჭარის მონაცემები ვერ ჩაანაცვლებს ეროვნულ რეგისტრს და ვერ მოგვცემს ქვეყნის მასშტაბით დაავადების ზუსტ ტვირთს. თუმცა ისინი წარმოადგენს ძლიერ საწყის საფუძველს პოლიტიკის დაგეგმვისთვის და ამცირებს იმ გაურკვევლობას, რომელიც ხშირად ახლავს ახალი პროგრამების დანერგვას.
ჯანდაცვის პოლიტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება არა სრულყოფილი, არამედ საკმარისი მტკიცებულების საფუძველზე. სწორედ ასეთ სიტუაციას ვხედავთ აქაც. აჭარის გამოცდილება უკვე გვაძლევს პრაქტიკულ პასუხს მთავარ კითხვაზე — შესაძლებელია თუ არა პროგრამის ეფექტიანად განხორციელება? ამ კითხვაზე პასუხი დადებითია.
ამიტომ, ჩემი შეფასებით, აჭარის წარმატებული გამოცდილება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი საფუძველი ეროვნული პროგრამის ეტაპობრივი გაფართოებისთვის, პარალელურად კი აუცილებელია მონაცემთა შეგროვებისა და მონიტორინგის სისტემების გაძლიერება, რათა მომავალში გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მტკიცე მტკიცებულებებს დაეფუძნოს.
- რა იქნებოდა თქვენი მთავარი არგუმენტი, რითაც დაარწმუნებდით გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ ამ პროგრამის დაწყება ბიუჯეტისთვის მომგებიანი და აუცილებელი ინვესტიციაა?
- თუ ერთი მთავარი არგუმენტის გამოყოფა მომიწევდა, ვიტყოდი, რომ ეს პროგრამა უნდა განვიხილოთ არა როგორც დამატებითი ხარჯი, არამედ როგორც ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში. ჯანმრთელი და შრომისუნარიანი მოსახლეობა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველია. როდესაც დიაბეტური რეტინოპათიის ან დიაბეტური მაკულარული შეშუპების გამო ადამიანი კარგავს მხედველობას, ზარალს განიცდის არა მხოლოდ თავად პაციენტი, არამედ მისი ოჯახი, ჯანდაცვის სისტემა, სოციალური დაცვის სისტემა და მთლიანად ეკონომიკა.
გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია შეფასდეს არა მხოლოდ დაფინანსების პირდაპირი ღირებულება, არამედ უმოქმედობის ფასი და ის გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური შედეგები, რომლებიც მკურნალობის ხელმისაწვდომობის არქონას მოჰყვება. შესაბამისად, მთავარი კითხვა არ არის, რა თანხა უნდა დავხარჯოთ მკურნალობაზე, არამედ რა თანხის დაკარგვას ავიცილებთ თავიდან ამ ინვესტიციით.
საერთაშორისო გამოცდილება და ჯანდაცვის ეკონომიკის პრინციპები აჩვენებს, რომ დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს მომავალ სოციალურ და ეკონომიკურ დანაკარგებს. თანამედროვე anti-VEGF თერაპიის შემთხვევაში, ინვესტიციის ძირითადი ნაწილი კეთდება მკურნალობის საწყის ეტაპზე, ხოლო დაავადების კონტროლის მიღწევის შემდეგ საჭირო ჩარევების სიხშირე, როგორც წესი, მცირდება. შედეგად, ხარჯი უფრო პროგნოზირებადი და მართვადი ხდება.
ამავე დროს, სახელმწიფო ინარჩუნებს იმას, რაც ყველაზე ღირებულია — ადამიანის ფუნქციურ დამოუკიდებლობას, შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხს. პაციენტი აგრძელებს მუშაობას, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას და ნაკლებად საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას.
ამიტომ ჩემი მთავარი გზავნილი იქნება შემდეგი: ამ პროგრამის დაფინანსება არის არა მხოლოდ სამედიცინო ან სოციალური გადაწყვეტილება, არამედ ეკონომიკურად გამართლებული ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ამცირებს სახელმწიფო ხარჯებს და ზრდის საზოგადოების კეთილდღეობას.
საბოლოოდ, არჩევანი დგას არა ხარჯსა და დანაზოგს შორის, არამედ ადრეულ და ეფექტიან ინვესტიციასა და მომავალში გაცილებით მაღალი სოციალური და ეკონომიკური დანაკარგების თავიდან აცილებას შორის.





