2025 წლის მონაცემებით, საქართველოში გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7 პროცენტი და 15.5 პროცენტი.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 


სტატისტიკის თანახმად, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2025 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები.

კერძოდ, გასულ წელს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით 16 711 ადამიანი გარდაიცვალა (2024 წელს ეს მონაცემი 18 159-ს შეადგენდა). მათგან 8 117 კაცია და 8 594 ქალი.  საუბარია გულის იშემიურ ავადმყოფობაზე, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტზე, ასევე ინსულტებზე და ა.შ.

სიმსივნეების შედეგად 6 877 ადამიანი გარდაიცვალა - 2024 წელს ეს მონაცემი 5 720 იყო. გარდაცვალების მიზეზების სიხშირით მესამე ადგილზეა სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 3 533 გარდაცვლილი (წინა წელს იყო 3 641).

შარშან ქვეყანაში  44 319 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 23 262 კაცი და  21 057 ქალი.