საქართველოში გაყინული ემბრიონის გამოყენების ვადებთან დაკავშირებული რეგულაციები გადასახედია და უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ კლინიკა „რეპროარტის“ მთავარმა ექიმმა, მეან-გინეკოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა ნატო შამუგიამ იუთუბ არხ „სალომე კასრაძის პოდკასტში“ საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს ონკოლოგია და სურს ემბრიონის გაყინვა, რათა გამოჯანმრთელების შემდეგ გააჩინოს შვილი. თუმცა საქართველოში მოქმედებს რეგულაცია, რომელიც მხოლოდ იმ ემბრიონის გამოყენების უფლებას იძლევა, რომელიც მაქსიმუმ 10 წლის წინაა გაყინული. როგორც ნატო შამუგია ამბობს, ამ წესის ამოქმედებამდე, ქვეყანაში იყო შემთხვევა, როცა 20 წლის გაყინული ემბრიონის გამოყენებით სრულიად ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა.


დღეს კი ასეთ შემთხვევაში ემბრიონის გამოყენება აკრძალულია, რაც არაერთ ადამიანს, მაგალითად ონკოლოგიური დაავადების მქონეს, პრობლემებს უქმნის.

„ჩვენ ალბათ ეს ინიციატივა უნდა წამოვწიოთ, რომ შეიცვალოს კანონი. ჩვენ 10 წელზე ადრე გაყინული ემბრიონების გამოყენების უფლება არ გვაქვს. მაქსიმუმ 10 წელია ეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

ზოგიერთ ადამიანს ემბრიონი აქვს შენახული და როცა გამოჯანმრთელდება, უნდა მისი გამოყენება და ვეღარ ვიყენებთ, რადგან 10 წელზე მეტია გასული. არიან პაციენტები, რომლებსაც მეორე შვილის გაჩენა უნდათ 10 წლის შემდეგ იგივე მასალით. მაგალითად არიან ადამიანები, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადების გამო დასჭირდათ თავიანთი ბიოლოგიური მასალის გაყინვა.  წლობით გვაქვს ეს ემბრიონები შენახული და ვერაფერს ვშვრებით. კვერცხუჯრედზე არაფერი არ წერია და პირდაპირაა საუბარი ემბრიონზე,“ - აცხადებს ნატო შამუგია და ამბობს, რომ მას და მის კოლეგებს აქვთ დიდი სურვილი, ეს საკითხი საჭირო უწყებებამდე მიიტანონ, რათა რეგულაცია შემსუბუქდეს. 


მისი განმარტებით, თავის დროზე საქართველოში ემბრიონის შენახვის ვადა ინგლისისის მაგალითის საფუძველზე განისაზღვრა. საქმე ისაა, რომ ინგლისში, მასალის შენახვისას პაციენტთან იდება კონტრაქტი და გარკვეული წლების შემდეგ ხელახალი კონტრაქტის დადებაა სავალდებულო. შესაბამისად, როგორც ნატო შამუგია განმარტავს, ეს 10-წლიანი რეგულაცია ფინანსური საკითხია და არანაირი კავშირი არ აქვს ბიოლოგიასთან.


„ეს იყო ჩვენთანაც გადმოტანილი და ახლა ვიწყებთ აქტიურ მუშაობას, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხები გავასწოროთ,“ - აღნიშნა შამუგიამ.