პირებს, რომლებსაც ვაქცინაციის გრაფიკის შესაბამისად არ ჩაუტარებიათ პროფილაქტიკური აცრები, შეიძლება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და დასვენების დაწესებულებებში სიარული აეკრძალოთ. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირებულ კანონპროექტში „მოსახლეობის ინფექციური დაავადებებისგან დაცვის შესახებ“.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, თუ პროფილაქტიკური ვაქცინაციის ვადები დაირღვა სამედიცინო უკუჩვენებების გამო, და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ხელსაყრელია, ასეთი პირები შეიძლება დაუშვან სკოლებსა და ბაღებში ან ბავშვთა ჯანმრთელობისა და დასვენების დაწესებულებებში.


კანონპროექტის თანახმად, ჩარიცხვა მოხდება სამედიცინო ცნობის საფუძველზე.

შესაბამისად, აუცრელი ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ოფიციალურად დადასტურებული სამედიცინო უკუჩვენება, ვეღარ ივლიან სკოლაში, ბაღში და ჯგუფურ წრეებზე ფიზიკური დასწრებით. როგორც ვხედავთ, ეს არ არის „იძულებითი ვაქცინაცია“, რადგან აცრა არჩევითად რჩება; იცვლება მხოლოდ დასწრებითი განათლების ხელმისაწვდომობა.


კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ იგი ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას და საზღვარგარეთ გამოყენებულ პრაქტიკას, კერძოდ, მშობლების საკანონმდებლო პასუხისმგებლობას შვილებისთვის სავალდებულო ვაქცინაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, ვაქცინაცია სავალდებულოა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში. მაგალითად, გერმანიაში 2020 წლიდან მოქმედებს „წითელასგან დაცვის შესახებ კანონი“. მის თანახმად, მშობლები, რომლებიც არ ცრიან შვილებს, სჩადიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და 2500 ევრომდე ჯარიმას იხდიან. ასევე შეიძლება დაჯარიმდნენ იმ საბავშვო ბაღების დირექტორები, რომლებიც იღებენ არავაქცინირებულ ბავშვებს. ბავშვები, რომლებიც არ არიან აცრილი მშობლების სურვილის გამო, დისტანციურად სწავლობენ.

ასევე აღნიშნულია, რომ იტალიამ მიიღო კანონი, რომელიც 10 სავალდებულო ვაქცინაციას აწესებს. თუ ბავშვებს ეს ვაქცინაცია არ ჩაუტარდებათ, მათ საბავშვო ბაღში ვერ მიიღებენ. მშობლებს კი 100-დან 500 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ.

ავტორების თანახმადვე, ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პოლიტიკა აქვს ავსტრალიას, რადგან ოჯახებმა, რომლებსაც არავაქცინირებული ბავშვები ჰყავთ, შეიძლება დაკარგონ მთავრობის მიერ დაწესებული ზოგიერთი შეღავათი და ბავშვი შეიძლება არ მიიღონ ბავშვთა მოვლის დაწესებულებაში.

პროექტის თანახმად, ბავშვებისთვის, რომლებსაც სავალდებულო აცრები არ აქვთ ჩატარებული და არც სამედიცინო უკუჩვენება უფიქსირდებათ, მართალია, ფიზიკურად ვერ დაესწრებიან სკოლას, ბაღს ან სხვა ჯგუფურ საგანმანათლებლო აქტივობებს, თუმცა მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დისტანციური ან ექსტერნატული (საოჯახო/სახლში სწავლების) ფორმა.

unian.net-ის ინფორმაცია