2024 წელთან შედარებით, 2025 წელს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გაიზარდა როგორც ბენეფიციართა რაოდენობა, ასევე გაწეული მომსახურებების წილი. კერძოდ, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა 2%-ით. გარდა ამისა, გაწეული მომსახურების რაოდენობა 2025 წელს გაიზარდა 5%-ით. აღნიშნული მიუთითებს, რომ პროგრამა უფრო ხელმისაწვდომი გახდა ბენეფიციართა დიდი რაოდენობისთვის და ამასთან, ის ეფექტურად პასუხობს მოსახლეობის ჯანდაცვაზე მზარდ საჭიროებებს.

ამის შესახებ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული. 


დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს დაფინანსდა 1,515 მილიონზე მეტი შემთხვევა. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ყველაზე მაღალი დანახარჯის მქონე კომპონენტებად ონკოლოგიური და სტაციონარული მომსახურებები რჩება.

მთავარი ხარჯები 2025 წელს ასეთი იყო: 

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურეობა – 582 მლნ ლარი; 
გეგმური ქირურგია – 282 მლნ ლარი 
ონკოლოგიური მკურნალობა – 338 მლნ ლარი (ქიმიოთერაპია/ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია და ონკომედიკამენტები).

„2025 წლის მონაცემები ადასტურებს, რომ პროგრამა აგრძელებს მოსახლეობის ფართო მოცვის უზრუნველყოფას, თუმცა პარალელურად იზრდება როგორც ფინანსური დატვირთვა, ისე ქრონიკული დაავადებების მართვის საჭიროება, რაც მომავალში სისტემურ დაგეგმვასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უფრო დიდ აქცენტს მოითხოვს,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები ასევე მიმართულია ონკოლოგიურ კომპონენტზე. 2025 წელს ონკომედიკამენტების დაფინანსებამ 234.9 მლნ ₾ შეადგინა, ხოლო ქიმიოთერაპიისა და ჰორმონოთერაპიის კომპონენტზე – 56.7 მლნ ₾ დაიხარჯა, რაც ადასტურებს ონკოლოგიური დაავადებების მართვის პრიორიტეტულობას.