2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, რომელიც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა, საქართველოში ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის  70 139  მოქმედი პოლისია (მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით).

2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის პოლისების რაოდენობა 61 ათასზე ნაკლები იყო. 


ამასთან, ბოლო სამ თვეში ამ პოლისების რაოდენობა პრაქტიკულად არ შეცვლილა: 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტი  70 156 ადამიანს ჰქონდა შეძენილი. 
გასულ წლებში საცალო სეგმენტში ჯანმრთელობის დაზღვევის მაჩვენებელი ზრდას აჩვენებდა: დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს ასეთი პაკეტების რაოდენობა 68 ათასზე ოდნავ მეტი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 13 131-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2023 წელი 2022 წელთან შედარებით ამ სეგმენტში 6500-იანი მატებით აღინიშნა. 


ინდივიდუალური პოლისის თავისებურება და ნაკლი ისაა, რომ სადაზღვევო კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ მოქალაქე ამ პროდუქტს უკვე დამდგარი დიაგნოზის სამკურნალოს არ ყიდულობს და მკურნალობის შემდეგ უარს არ იტყვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე. გარდა ამისა, პოლისის გაყიდვამდე კომპანია დაზღვევის მსურველის ანკეტირებას ახდენს ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების არსებობასთან დაკავშირებით. ამ თავისებურებების გათვალისწინებით, პოლისს აქვს მოცდის საკმაოდ დიდი ვადა, რაც მას მიმზიდველს არ ხდის.

თუმცა მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომელსაც გარკვეული შემოსავალი გააჩნია, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო, არ აქვს კორპორატიული დაზღვევა, საყოველთაო დაზღვევის მწირ პაკეტს ინდივიდუალური დაზღვევის შეძენას ამჯობინებს.