საავადმყოფოების სერვისების ფასების ზრდასთან დაკავშირებით დაწყებული მონიტორინგის შუალედურ შედეგებს კონკურენციის სააგენტო წლის ბოლომდე მოამზადებს, თუმცა დეტალური კვლევა ამის შემდეგაც გაგრძელდება და, საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რეკომენდაციები შემუშავდება. 
ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

შეგახსენებთ: 5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.

მონიტორინგის ფარგლებში, ბაზრის შეფასება მოხდება კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა: ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები/დინამიკა და დომინანტურ მდგომარეობაზე მსჯელობა.

სააგენტო ეყრდნობა საქსტატის მონაცემებს, რომელთა თანახმად, 2025 წლის ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საავადმყოფოების მომსახურების ფასები 26%-ით გაიზარდა.
დღეს ლექვინაძემ დააკონკრეტა ის მიზნები, რომლებსაც აღნიშნული საქმე ისახავს:
„ჩვენ გამოვაცხადეთ სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგის დაწყების შესახებ და ამის მიზეზი იყო ბოლო ერთ წელიწადში გაზრდილი ფასები იმ ნაწილში, სადაც რეგულირება არ ხდება. ფასების ზრდა იყო დაახლოებით 26%-ის ფარგლებში და იყო არაერთი მიმართვა ჩვენი სააგენტოს მიმართ, რომ იგივე ამბულატორიულ მომსახურებასა და კონსულტაციებზე, ასევე სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე ფასები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ამ ეტაპზე დამუშავებულია საერთაშორისო გამოცდილება, ამ კვირაში უკვე შედგა პირველი კონტაქტი სამედიცინო დაწესებულებებთან. ჩვენ მათთან გაგზავნილი გვაქვს შესაბამისი კითხვარი იმ ძირითად საკითხებზე, რაც ჩვენი ინტერესის საგანია. აღნიშნული მონიტორინგის მიზანია, გაირკვეს, რას უკავშირდება ფასების ზრდის პროცესი - ეს არის არგუმენტირებული და დასაბუთებული, როგორიცაა აღჭურვილობაზე და მედპერსონალის ანაზღაურებაზე ხარჯების ზრდა, თუ ეს არის გაზრდილი ფაებით იმ დანაზოგის დაბალანსების მცდელობა, რაც მთავრობის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ მისცა პაციენტებს. ესაა კითხვები, რაზეც ინფორმაციის მიღების და მისი დამუშავების შედეგად გვექნება პასუხი,“ - აღნიშნა ლექვინაძემ. მისივე თქმით, შუალედური შედეგები სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის მომზადდება, თუმცა კვლევა გაგრძელდება და, შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რეკომენდაციებიც შემუშავდეს.
შეგახსენებთ, რომ  საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა  2022 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა. DRG ესაა სისტემა, რომლითაც ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის ამა თუ იმ სერვისზე თანაბარი ტარიფი განისაზღვრება. მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული მოდელის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა ასობით მილიონი ლარი დაზოგეს.