ურუგვაიმ ევთანაზიის ლეგალიზაცია მოახდინა და გახდა ლათინური ამერიკის პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო კანონი, რომელიც ადამიანს დახმარებით თვითმკვლელობის უფლებას ანიჭებს.


„ღირსეული სიკვდილის“ შესახებ კანონპროექტი სენატმა ოთხშაბათს მიიღო და მას  დამსწრე 31 კანონმდებლიდან 20-მა მისცა ხმა.

კანონპროექტი ფსიქიკურად ჯანმრთელ ზრდასრულებს, რომლებიც შეუქცევადი დაავადების ტერმინალურ სტადიაზე არიან, საშუალებას აძლევს აირჩიონ ევთანაზია, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტი ჩაატარებს.


ურუგვაის უკვე აქვს სოციალურად ლიბერალური კანონების მიღების გამოცდილება, მათ შორის მარიხუანას მოხმარების, ერთსქესიანთა ქორწინებისა და აბორტის ლეგალიზაციის კუთხით.

მიუხედავად იმისა, რომ 10-საათიანი დებატები კონსტრუქციულად წარიმართა, კანონპროექტის მიღების შემდეგ დებატების ზოგიერთმა მონაწილისგან გაისმა შეძახილები - „მკვლელები“.

„საზოგადოებრივი აზრი გვთხოვს, რომ ეს საკითხი გადავჭრათ“, - განუცხადა მმართველი მემარცხენე კოალიციის სენატორმა პატრიცია კრამერმა  კანონმდებლებს.

საკონსულტაციო ფირმა Cifra-ს მონაცემებით, ურუგვაელების დაახლოებით 62% ევთანაზიის ლეგალიზაციას ემხრობოდა.

ევთანაზიის მოწინააღმდეგეთა უმეტესობა კათოლიკური ეკლესიის მხრიდან იყო.

ამ თვის დასაწყისში მონტევიდეოს მთავარეპისკოპოსმა, დანიელ სტურლამ, კათოლიკურ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ კანონპროექტი „სიცოცხლის დაფასებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, ხელს უწყობს იმ აზრს, რომ ზოგიერთი სიცოცხლის უგულებელყოფა შეიძლება და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ის ფუნდამენტურად ცუდია“.

კანონის თანახმად, სიცოცხლის დასრულების მსურველებმა ევთანაზია პირადად და წერილობით უნდა მოითხოვონ, იმ პირობით, რომ ისინი ურუგვაის მოქალაქეები ან ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოელები არიან.

ევთანაზია ისე უნდა შესრულდეს, რომ სიკვდილი „უმტკივნეულოდ, მშვიდობიანად და ღირსეულად“ დადგეს.
ამ ამბავზე რეაგირებისას, 71 წლის ქალმა, ბეატრის გელოსმა, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში ნეიროდეგენერაციული ამიოტროფული სკლეროზით ცხოვრობს, AFP-ს განუცხადა, რომ კანონი „თანაგრძნობითი და ძალიან ჰუმანურია“.

მან თქვა, რომ მოწინააღმდეგეებს „წარმოდგენა არ აქვთ, როგორია ასე ცხოვრება“.

იმ დროს, როცა ირატესად კათოლიკურ ლათინურ ამერიკაში ურუგვაი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კანონმდებლობით დაუშვა ევთანაზია, კოლუმბიამ და ეკვადორმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით ამ გადაწყვეტილების დეკრიმინალიზაცია მოახდინეს.


ევთანაზია (სიცოცხლის შეწყვეტა ექიმის მიერ პაციენტის თხოვნით) სრულად ლეგალიზებულია 14 ქვეყანაში. ეს ქვეყნებია: ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, ახალი ზელანდია, ესპანეთი, ლუქსემბურგი და სხვა. ევთანაზია ნიშნავს პაციენტის სიცოცხლის დასრულება მისივე მოთხოვნით, ექიმის მიერ მედიკამენტოზური საშუალების შეყვანით. დახმარებით ევთანაზიის შედეგად სიკვდილი იგივე მეთოდით დგება, თუმცა შესაბამის მედიკამენტს თავად პაციენტი იღებს.