ექთნების დეფიციტი, რომელიც ჯანდაცვის სექტორის პრობლემაა, განსაკუთებით მწვავედ დგას პირველადი ჯანდაცვის სფეროში, რომლის რეფორმაც გასულ წელს დაიწყო. ამ თემაზე
დარგის ექსპერტმა მარინა შიხაშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის დარგი ბერდება, რადგან ახალგაზრდების დაინტერესება ამ კუთხით არაა.

„დარგი ცოტა ბერდება. ახალგაზრდებისთვის ეს სფერო რატომღაც არ არის მიმზიდველი. ძალიან სუსტია საექთნო კომპონენტი. ბევრ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში  ექთნები ძალიან მინიმალური რაოდენობითაა. აქ მნიშვნელოვანია ფინანსური მოტივაცია, რომელიც საექთნო სისტემაში - ჰოსპიტალში და განსაკუთრებით პირველად ჯანდაცვაში - ძალიან დაბალია. ესაა პრობლემა, რომელიც ალბათ, პირველ რიგში უნდა დადგეს.

ძალიან კარგია, როცა ექიმი გასინჯავს პაციენტს და დანიშნულებას მისცემს, მაგრამ შემდგომი მოვლა და ზრუნვა ესაა საექთნო კომპონენტი. სწორედ მოვლაზეა დამოკიდებული ექიმის წარმატება. რაც არ უნდა კარგი დანიშნულება მისცეს ექიმმა პაციენტს და სწორად და დროულად დასვას დიაგნოზი, ამას სათანადო ეფექტი და საბოლოო შედეგი არ ექნება, თუ მოვლის კომპონენტი არ ჩაერთვება,“ - აღნიშნა  შიხაშვილმა. 


შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მთავრობამ შემოიღო მინიმალური ხელფასი საათში 4.4 ლარის ოდენობით საავადმყოფოს ექთნებისთვის და საათში 7 ლარის ექიმებისთვის, 2024 წელს პროგრამა გაფართოვდა და გავრცელდა ექიმების ასისტენტებზე (5 ლარი საათში), ბებიაქალებზე (4.4 ლარი საათში), ექთნების ასისტენტებზე (3.5 ლარი საათში), ასევე სანიტარულ პერსონალზე (3 ლარი საათში).


ამ რეგულაციის მიუხედავად, ჯანდაცვის სექტორში ექთნების დაბალი ხელფასები, მათი უცხოეთში გადინება და, შესაბამისად, ამ პერსონალის დეფიციტი კვლავ მწვავე პრობლემად რჩება.