სადაზღვევო სექტორის მიერ 2025 წელს მიზიდულმა პრემიამ მილიარდ 411 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა.
ამის შესახებ დაზღვევის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსთან“ საუბარში განაცხადა.
ცნობისთვის: 2024 წელს მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 307 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 127 მილიონი ლარი. 2024 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 მილიარდ 259 მილიონ ლარს მიაღწია.
ჯერჯერობით სადაზღვევო ბაზრის 2025 წლის მაჩვენებლები არ გამოქვეყნებულა, რადგან, როგორც ონოფრიშვილი განმარტავს, სადაზღვევო კომპანიების მიერ მიწოდებული მონაცემები მცირედით უნდა დაზუსტდეს და შემდეგ უნდა დაერთოს წლიური აუდიტორული დასკვნებიც, თუმცა ცდომილება უმნიშვნელოა და 1%-საც არ შეადგენს. ონოფრიშვილის ინფორმაციით, აქტივები და კაპიტალი გაზრდილია, თუმცა წმინდა მოგება იმავე დონეზეა.
მისივე თქმით, ზოგადად, ბაზრის 8-10 პროცენტიანი და მით უმეტეს 10%-ზე მეტი ზრდა კარგ მაჩვენებლად ითვლება.
დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ 2023 წელს ინდუსტრიამ პირველად გადალახა მილიარდიანი ზღვარი და 2 წელიწადში უკვე მილიარდ 400 ლარს მიაღწია. 10 წლის ჭრილში კი, მისი თითქმის, სექტორი 3,5-ჯერაა გაზრდილი, რაც მოწმობს იმას, რომ მოსახლეობის ნდობაც გაზრდილია. ონოფრიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სრულ ნდობაზე საუბარი არაა და ყველაფერი იდეალური არც ახლაა, თუმცა კონკურენცია ძალიან მაღალია, რადგან ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი.
დავით ონოფრიშვილის თქმით, მილიარდ 411 მილიონი ლარიდან ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორზე 45%, ანუ 600 მილიონი ლარი მოდის.
„მაგალითად 2019 წელს მთელი სადაზღვევოს სექტორი იყო 600 მილიონზე ოდნავ მეტი. დღეს კი მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი შეადგენს ამ თანხას. ამის მიზეზი ისაა, რომ მომხმარებელმა დაიჯერა, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ მათ სხვადასხვა პაკეტი მიაწოდონ - არის როგორც ძვირიანი, ისე უფრო იაფი,“ - განაცხადა ონოფრიშვილმა.





