გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპაბია BioNTech-მა განაცხადა, რომ მისმა დამფუძნებლებმა, მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული COVID-ვაქცინის შემქმნელებმა უღურ შაჰინმა (კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი) და ოზლემ თურეჯმა (მთავარი ექიმი) თანამდებობები დატოვეს და ახალი ტექნოლოგიური კომპანიის დაარსებას გეგმავენ.
კომპანია ფოკუსირებული იქნება ახალი თაობის mRNA ინოვაციების კვლევასა და განვითარებაზე.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე BioNTech-ის აქციები დაახლოებით 18 პროცენტით დაეცა.
ამასობაში, BioNTech-ის სამეთვალყურეო საბჭომ შაჰინისა და თურეჯის მემკვიდრეების ძიება დაიწყო.
BioNTech-ი ახლადშექმნილ კომპანიას,მინორიტარული წილისა და სამომავლო გადახდების სანაცვლოდ, გარკვეულ უფლებებსა და mRNA ტექნოლოგიებს შესთავაზებს.
ამასობაში, BioNTech-მა 2025 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად კომპანიამ ფისკალური წელი ზარალით დაასრულა კვლევისა და განვითარების მაღალი ხარჯების გამო. წმინდა ზარალმა, რომელიც 2024 წელს 665.3 მილიონ ევროს შეადგენდა, გასულ წელს 1.12 მილიარდ ევროს მიაღწია.
კომპანიის 2025 წლის შემოსავალმა წინა წელთან შედარებით უმნიშვნელო ზრდა აჩვენა და 2.87 მილიარდ ევროს მიაღწია. შემოსავლების ამ ზრდაზე გავლენა მოახდინა ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Bristol Myers Squibb-თან სტრატეგიული პარტნიორობიდან მიღებულმა მოგებამ.
BioNTech-ი ვარაუდობს, რომ შემოსავლები 2026 წელს 2-დან 2.3 მილიარდ ევრომდე შემცირდება, რადგან კოვიდ-ვაქცინაზე მოთხოვნა იკლებს.
ფინანსურმა დირექტორმა რამონ საპატამ ფინანსური შედეგების შეფასებისას განაცხადა: „მომავალი წლებისთვის დაგეგმილი მრავალი პროდუქტის გამოშვებისთვის ვემზადებით, ჩვენი მყარი ფინანსური სტრუქტურა წინსვლისკენ უბიძგებს ჩვენს კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას“.
2020 წელს, BioNTech-მა, ამერიკულ კომპანია Pfizer-თან ერთად, კოვიდ-ვაქცინა ძალიან მოკლე დროში შეიმუშავა.
კომპანია, რომელმაც COVID-19 პანდემიის დროს mRNA ვაქცინით მილიარდობით ევრო გამოიმუშავა, 2030 წლისთვის კიბოს არაერთი წამლის კანდიდატის ლიცენზიაზე განაცხადის შეტანას გეგმავს.




