ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა, ირანის ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის გამო შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ასეთ დარტყმას შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგები, რაც მომავალი თაობებისთვის საგრძნობი იქნება.
გებრეისუსმა X-ის სოციალურ ქსელში გაავრცელა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის, მიმართვა, რომელშიც იგი ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
ჯანმო-ს ხელმძღვანელმა გაიზიარა IAEA-ს შეშფოთება ირანში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და დაწერა: „ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე ბოლოდროინდელი თავდასხმა აშკარა შეხსენებაა იმისა, რომ ასეთმა თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ავარია, რაც მომავალ თაობებზე ჯანმრთელობისთვის უარყოფით შედეგებს გამოიწვევს“.
მან აღნიშნა, რომ ირანში, რომელსაც აშშ და ისრაელი ესხმიან თავს, რისკები და საფრთხეები კიდევ უფრო გაიზარდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დადგა დრო, რომ რეგიონში დაძაბულობა შემცირდეს და რომ მშვიდობა საუკეთესო წამალია.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, ირანში, „ბუშერის“ ატომურ ელექტროსადგურთან დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან „ბუშერთან“ ახლოს დარტყმა მეოთხედ განხორციელდა.
თეირანში აცხადებენ, რომ დაღუპულია სადგურის დაცვის თანამშრომელი. მათივე ინფორმაციით, იერიშის შედეგად ობიექტი არ დაზიანებულა. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სადგურთან ახლოს დარტყმები სერიოზულ რადიაქტიურ საფრთხეს ქმნის.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში. მათი განცხადებით, რადიაქტიური ფონის მომატება არ ფიქსირდება.
ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ატომური ელექტროსადგურები და მათი მიმდებარე ტერიტორია არასდროს უნდა გახდეს დარტყმების სამიზნე. სააგენტო მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული რაიმე სახის ინციდენტი.
„ბუშერი“ ირანში ერთადერთი მოქმედი ატომური ელექტროსადგურია.





