“პსპ ფარმასა” და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც თბილისის მერიას ან საკრებულოს მედიაკმენტების დაფინანსებით მიმართავენ, PSP-ს სააფთიაქო ქსელში კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიიღებენ მედიკამენტებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ და ფარმაცევტული კომპანია შპს „პსპ-ფარმას“ სოციალური პროექტების მომსახურების სამსახურის უფროსმა გიორგი ტალიაშვილმა მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ისაუბრა აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე შეღავათიანი ფასების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გაფორმებულ დოკუმენტს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა და ფარმაცევტული კომპანიის გუნდს
თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“PSP-ს ფართო სააფთიაქო ქსელში კვირაში 3 დღე - სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, მოქმედებს განსაკუთრებული ფასდაკლება მედიკამენტებზე საქართველოს მასშტაბით. ქ. თბილისის მუციპალიტეტის საკრებულოსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარები, რომლებიც ქალაქ თბილისის მერიას ან გამგეობას მიმართავს, მედიკამენტებზე ფასდაკლებით ისარგებლებენ კვირის ნებისმიერ დღეს” - განაცხადა “პსპ ფარმას” სოციალური პროექტების მომსახურების სამსახურის უფროსმა გიორგი ტალიაშვილმა.
მემორანდუმი ძალაში შევიდა ხელმოწერისთავანე, 19 მაისს და მოქმედებს 1 წლის ვადით.
თანამშრომლობა ხორციელდება მერიისა და რაიონული გამგეობების სოციალური პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მოქალაქეთა სამედიცინო და სხვა საჭიროებების მხარდაჭერას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა. ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.





