ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავის ახალ ანგარიშში ნიკოტინის პაკეტებზე დამოკიდებულებისა და ახალგაზრდებზე მიმართული „აგრესიული“ მარკეტინგის საფრთხეებზე წერს.
ჯანმოს შეფასებით, ასეთი მარკეტინგი ხელს უწყობს ადრეული ასაკიდან დამოკიდებულების განვითარებას.
ნიკოტინის პაკეტები ესაა ნიკოტინის მცირე დოზები პაკეტებში, რომლებიც შექმნილია ორგანიზმისთვის ნიკოტინის პირის ღრუს მეშვეობით მისაწოდებლად. ისინი, როგორც წესი, შეიცავს ნიკოტინს - სინთეტიკურწ ან თამბაქოსგან მიღებულს - ასევე სხვა ინგრედიენტებს, როგორიცაა ცელულოზის ფხვნილი, არომატიზატორები, დამატკბობლები და ტუტე დანამატები.
ჯანმო-ს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ნიკოტინის პაკეტებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დამოკიდებულება და გამოდის მოწოდებით, თამბაქოსა და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროდუქტზე ყოვლისმომცველი რეგულაციები ამოქმედდეს.
„ნიკოტინის პაკეტების გამოყენება სწრაფად ფართოვდება, ხოლო რეგულირება არ მიჰყვება ტემპს. მთავრობებმა ახლავე უნდა იმოქმედონ ძლიერი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ზომებით,“ - განაცხადა ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ინიციატივის ხელმძღვანელმა ვინაიაკ პრასადმა.
ანგარიშის თანახმად, ნიკოტინის პაკეტების გლობალურმა საცალო გაყიდვებმა 2024 წელს 23.462 მილიარდ ერთეულს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 50.5%-ით მეტია.
2025 წელს კი, ნიკოტინის პაკეტების გლობალური ბაზარი დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, სადაც ყველაზე დიდი გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის, ძირითადად შეერთებულ შტატებზე.
ჯანმო-ს მონაცემებით, შეერთებული შტატების გარეთ, ნიკოტინის პაკეტები ყველაზე პოპულარულია ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, პოლონეთი და შვედეთი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტებს ყველა ასაკის ადამიანი იყენებს, ანგარიში განსაკუთრებით ხაზს უსვამს ბავშვებისა და მოზარდების დაცვის აუცილებლობას, რომლებიც უფრო დაუცველები არიან როგორც ნიკოტინის, ასევე ინდუსტრიული მარკეტინგის ზემოქმედების მიმართ.
„სასწრაფო, კოორდინირებული და თანმიმდევრული ქმედებები აუცილებელია ამჟამინდელი და მომავალი თაობების ნიკოტინზე დამოკიდებულებისგან დასაცავად“, - წერენ ავტორები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში ნიკოტინის პაკეტების გამოყენება 13-20 წლის მოზარდებსა და 21-27 წლის ახალგაზრდებში ბოლო წლებში მკვეთრად, თითქმის ოთხჯერ გაიზარდა 2022-დან 2025 წლამდე პერიოდში.
მარკეტინგული სტრატეგიები მოიცავს ნიკოტინის პაკეტების გამოშვებას სხვადასხვა არომატით, რომლებიც ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი.
ამ პროდუქტებს ხშირად აქვთ ტკბილი, ხილის, პიტნის, კანფეტის და საღეჭი რეზინის მსგავსი არომატები, რომლებიც, ჯანმო-ს თანახმად, „განსაკუთრებით მიმზიდველია ბავშვებისთვის“.
ზოგიერთი ბრენდი გვთავაზობს არომატებს, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებს ბაძავს, როგორიცაა ლუდი, მოხიტო, მარტინი.
„თამბაქოსა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებში არსებული არომატიზატორები ზრდის მათ მიმზიდველობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის,“ - ნათქვამია ანგარიშში.
ამ პროდუქტების მზარდი პოპულარობის ფონზე, ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, სადაც ისინი იყიდება, უზრუნველყონ „მკაცრი რეგულირება მათი მიმზიდველობისა და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად“. ჯანმო ამბობს, რომ ეს პროდუქტები შექმნილია დამოკიდებულების გამოსაწვევად, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების დაცვა ინდუსტრიის გავლენებისგან.
შემოთავაზებული ზომები მოიცავს ნიკოტინის ყველა ტიპის პაკეტზე ერთიან რეგულაციებს, ნიკოტინის ფორმის მიუხედავად, არომატებისა და რეკლამირებისა და პოპულარიზაციის სრულ აკრძალვას.
ჯანმო ასევე მოუწოდებს ქვეყნებს, შეზღუდონ ახალგაზრდებისთვის ნიკოტინის პაკეტებზე წვდომა ასაკობრივი შეზღუდვებით და ონლაინ გაყიდვების აკრძალვით.





