ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და გურჯაანისა და ყვარლის მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგი, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.
კვლევები ადგილზე კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა, თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ჩაატარა. აქცია გურჯაანისა და ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მხარდაჭერით გაიმართა.


კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს კვლევებისა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე. სახელმწიფო ასევე სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.


კამპანიის ფარგლებში სკრინინგული ღონისძიებები უკვე ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. კამპანია ეტაპობრივად გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებასა და დაავადებათა პრევენციის ეფექტიანობაში.