საქართველოს ბაზარზე ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი სათამაშოები ისევ იყიდება. რეგულაციის დაწესებისა და მონიტორინგის მიუხედავად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მცირეწლოვნები მათი ჯანმრთელობისთვის სარისკო პროდუქტებისგან ისევ დაუცველები არიან. 


სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ ფილფანის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს როგორც საზღვარზე, ისე უშუალოდ ბაზარზე, თუმცა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი პროდუქცია სარეალიზაციო ქსელებში ისევ ხელმისაწვდომია. 


„გამოწვევები არის და ამას ჩვენი შემოწმების შედეგებიც ადასტურებს, რადგან საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად არაერთი საფრთხის შემცველი სათამაშოს ამოღება და გამოთხოვა ხორციელდება.  2025 წლის მონაცემებით, 185 შემოწმებული სათამაშოდან 106-მა სათამაშომ ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური მოთხოვნები, რაც მთელ რიგ ქიმიურ და ფიზიკურ საფრთხეებთან იყო დაკავშირებული,“ - განაცხადა ფილფანმა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებს, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი საფრთხეა მცირე ნაწილაკები, რომლებიც პატარებს შესაძლოა გადაეყლაპოთ და მძიმე შედეგებამდე მივიდეთ.  რაც შეეხება ქიმიურ შემადგენლობას, ამ შემთხვევაში საფრთხე უკავშირდება კანცეროგენებს, რაც კიბოს გამომწვევი მიზეზია და ასევე შესაძლოა, დააზიანოს ადამიანის  რეპროდუქციული ჯანმრთელობა. 

ფილფანი განსაკუთრებულ საფრთხეებზე საუბრობს ე.წ. ტყლარწების შემთხვევაში. მისი ინფორმაციით, 2025 წელს, 86 შემოწმებული ასეთი პროდუქტიდან მოთხოვნები 80-მა ვერ დააკმაყოფილა. ასევე დაფიქსირდა ბუშტებში კანცეროგენული ნივთიერებების შემცველობა.