ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ MV Hondius-თან დაკავშირებული ჰანტავირუსული ინფექციის 11 შემთხვევა დაადასტურა. მათგან რვა ანდების შტამია.
ორგანიზაციის ცნობით, ამ შემთხვევებს შორის სამი გარდაცვალების ფაქტია. ყველა შემთხვევა ჰოლანდიური საკრუიზო გემ MV Hondius-ის მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის დაფიქსირდა.
11 შემთხვევიდან რვა ლაბორატორიულად დადასტურდა, როგორც ჰანტავირუსის ანდების შტამი, რომელიც, სხვა ქვეტიპებისგან განსხვავებით, ადამიანიდან ადამიანზე გადადის. კიდევ ორი შემთხვევა „სავარაუდოდ“ ითვლება, ხოლო ერთის გარშემო გამოძიება მიმდინარეობს.
ორგანიზაცია ისევ აცხადებს, რომ მსოფლიო მოსახლეობისთვის ინფექციის რისკი დაბალია, საკრუიზო გემის მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის კი რისკი საშუალო რჩება.
ჯანმო-ს ცნობით, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები მგზავრების კონტაქტების დასადგენად მუშაობენ.
ანდების შტამი ითვლება ერთადერთ შტამად, რომელსაც შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე შეზღუდული გადაცემა. როგორც წესი, ასეთი გადაცემა მოითხოვს მჭიდრო და ხანგრძლივ კონტაქტს, მაგალითად, საკრუიზო გემზე. 6-8 კვირის ინკუბაციური პერიოდი, რომლის დროსაც სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს, ნიშნავს, რომ MV Hondius-ის ბორტზე დაავადება დაუყოვნებლივ არ გამოვლინდა. ეს ნიშნავს, რომ ახალი შემთხვევები შეიძლება გაგრძელდეს ინკუბაციური პერიოდის დასრულების შემდეგაც.
თუმცა, ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ სიტუაციის COVID-19-თან შედარება არ შეიძლება, რადგან ვირუსი გაცილებით რთულად ვრცელდება და არ აქვს იგივე ეპიდემიური პოტენციალი. „ჩვენი ინფორმაციით, ჰანტავირუსის ანდების შტამს გაცილებით მჭიდრო და უფრო ხანგრძლივი კონტაქტი სჭირდება ადამიანიდან ადამიანზე გადაცემისთვის“, - განუცხადა DW-ს აშშ-ში UCLA-ს ფილდინგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ეპიდემიოლოგიის პროფესორმა, ენ რიმუანმა, - ვფიქრობ, ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. მესმის, რომ ხალხი შეშფოთებულია პანდემიით, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული ვირუსია და განსხვავებული გარემოებებია“, - თქვა მან.
ცნობისთვის: ჰოლანდიის დროშის ქვეშ მცურავი სამგზავრო გემი MV HONDIUS არგენტინის უშუაიას პორტიდან 1 აპრილს გავიდა. მძიმე სიმპტომებით 3 მგზავრის გარდაცვალების შემდეგ ჯანმო-სა და ესპანეთს შორის მოლაპარაკებების შედეგად, 5 მაისს გადაწყდა, რომ MV HONDIUS-ს მგზავრების გადმოსაყვანად ტენერიფეში ჩაიყვანდნენ.




