სახელმწიფო ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალური ამწეების შესაძენად 2 მილიონ ლარს გამოყოფს. ამას ითვალისწინებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის გაფართოების შესახებ მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებვა, რომელიც მიმდინარე წლის 20 მაისს ამოქმედდა.

საუბარია სიახლეზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ დააანონსა და რომლის თანახმადაც, ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის, „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პერსონალურ ამწეებს შეისყიდის.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი „საქართველოს ეტლების საწარმოშიც“ იმყოფებოდა, სადაც ადგილზე დაათვალიერა არსებული პროდუქცია და გაეცნო დამხმარე საშუალებების წარმოების პროცესს.


ამწის პროგრამის ბენეფიციარები არიან  შემდეგი დაავადების მქონე პირები: სპინური კუნთოვანი ატროფია და მასთან დაკავშირებული სინდრომები; ბავშვთა სპინური კუნთოვანი ატროფია, ტიპი I (ვერდნიგ-ჰოფმანის);მოტორული ნეირონის ავადმყოფობა; გაფანტული სკლეროზი; გიიენ-ბარეს სინდრომი; კუნთოვანი დისტროფია; ბავშვთა ცერებრული დამბლა; სპასტიური ცერებრული დამბლა; სპასტიური დიპლეგია; დისკინეზიური ცერებრული დამბლა; ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვა სახეები; პარაპლეგია და ტეტრაპლეგია; დუნე ტეტრაპლეგია; G82.4 პასტიური ტეტრაპლეგია; ტეტრაპლეგია, დაუზუსტებელი.
კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან შშმ პირები, მათ შორის, შშმ ბავშვები 3 წლის ასაკიდან, რომელთაც გამოხატული აქვთ მინიმუმ სამი კიდურის მნიშვნელოვნად გამოხატული ფუნქციური უკმარისობა/მდგომარეობა.

კომპონენტის ამოცანაა ადამიანების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის გაზრდა, მოვლის პროცესის მხარდაჭერა.

პროგრამის თანახმად, მიმწოდებელი უზრუნველყოფს პერსონალური ამწის ადგილზე ტრანსპორტირებასა და, კონკრეტული მოსარგებლის საჭიროებების გათვალისწინებით, მის ინდივიდუალურ რეგულირებას.

მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს არაუმეტეს 150 კგ ამწეობას, უნდა ჰქონდეს დატენვადი აკუმულატორი, აწევის ფართო დიაპაზონი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარგებლის უსაფრთხო მობილობას სხვადასხვა სიმაღლეზე. მოწყობილობის ბორბლები აღჭურვილი უნდა იყოს მუხრუჭის ფუნქციით დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 2000 ლარს. პერსონალური ამწის საჭიროების მქონე მოსარგებლეები ფინანსდებიან სრულად, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით.