ებოლას გავრცელებით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის ფონზე ჯანმო ექსპერიმენტული ვაქცინების გამოყენების მიზანშეწონილობას სწავლობს.

ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა  ვირუსის გავრცელების სისწრაფისა და მასშტაბების გამო შეშფოთება გამოთქვა.

შემთხვევები სწრაფად იზრდება

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბუნდიბუგიოს შტამით გამოწვეული ახალი აფეთქების დროს, ამ დროისთვის დაფიქსირებულია მინიმუმ 500 საეჭვო შემთხვევა და 130 გარდაცვალება.

კონგოს იტურის პროვინციაში მოქმედი საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის (IRC) ჯანდაცვის დირექტორმა, მესფინ თეკლუ ტესემამ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მონაცემები „მხოლოდ აისბერგის წვერია“.

ტესემამ შესაბამისი სტრუქტურები გააფრთხილა, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი რთული იქნება რეგიონში ჯანდაცვის სუსტი ინფრასტრუქტურის გამო.


IRC, რომელიც რეგიონში ჯანდაცვის კლინიკებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ძირითადი დამცავი აღჭურვილობის - ხელთათმანების, ნიღბებისა და დამცავი სათვალეების სერიოზული დეფიციტის შესახებ იუწყება.

ტესემამ განაცხადა, რომ ბუნდიბუგიოს შტამის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30-დან 50 პროცენტამდეა, მაშინაც კი, როდესაც მკურნალობა ხელმისაწვდომია და ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობაზე წვდომა არ არის ან დაგვიანებულია.


ებოლას ვირუსის ბუნდიბუგიოს შტამისთვის დამტკიცებული ვაქცინა ან მკურნალობა არ არსებობს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უგანდის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული გენეტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ აფეთქება დაიწყო ინფიცირებული ცხოველიდან ადამიანებზე გადაცემით, რასაც უკვე ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება მოჰყვა.

რეგიონული ზომები და შეზღუდვები

უგანდაში ხალხს მოუწოდეს, თავი აარიდონ ჩახუტებასა და ხელის ჩამორთმევას. რელიგიური დღესასწაული, რომელიც აქ 3 ივნისს აღინიშნება და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს აერთიანებს, გაუქმდა.

ჯანმო რეკომენდაციას უწევს სასაზღვრო გადასასვლელებზე სკრინინგის ჩატარებას. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, აკრძალა რეგიონიდან მოგზაურთა შესვლა, ხოლო რუანდამ დახურა საზღვრები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან.

შექმნილ რთულ ვითარებაში ჯანმო ქმნის ტექნიკურ ჯგუფს, რათა დაადგინოს, რომელი ტესტების, ვაქცინებისა და მკურნალობის მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელი.

მოქმედი დამტკიცებული ვაქცინები მხოლოდ ზაირის შტამის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც 1976 წელს იქნა აღმოჩენილი. ჯანმო-ს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელმა, ან ანჩიამ განაცხადა, რომ ექსპერტების შეფასებით, არსებული ვაქცინების გამოყენება ამ აფეთქების დროს შეუძლებელია, თუმცა საჭიროა შემდგომი კვლევები.

გებრეისუსმა კი აღნიშნა, რომ ვირუსის ურბანულ რაიონებში გავრცელებამ და ჯანდაცვის მუშაკებში გავრცელებამ, შესაძლოა, მისი გადაცემა დააჩქაროს.