საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, დაახლოებით 50 მილიონზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა – თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ჩვენ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, სად არის აქ ჭეშმარიტება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მთავრობა მზად არის, საკითხთან დაკავშირებით ისაუბროს ყველასთან.

„მზად ვართ, ვისაუბროთ ყველასთან, მათ შორის, პირველ რიგში, მზად ვართ, ვისაუბროთ პატრიარქთან ყველა თემასთან და კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხზე. ვინმე სხვა რამეში თუ დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პირველ რიგში, ჩვენთვის საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. მათ შორის, მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე. თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 თუ 60 მილიონი, არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი, პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის, გადასახადის გადამხდელების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, აგვეღო 50 მილიონი და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი, პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად დახარჯოს თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია, ჩვენს ფულს არ ვიხდით. ჩვენ ჯიბიდან არც მე პირადად და არც მთავრობის წევრები პერსონალურ ფულს არსად ვიხდით. ეს არის ხალხის ფული, ხალხის შენატანების საფუძველზე შეგროვებული ფული. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, დაახლოებით 50 მილიონზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა – თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ჩვენ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, სად არის აქ ჭეშმარიტება. ანუ, შესაძლებელი არის თუ არა დიდი თანხით ხელშესახები შედეგის მიღწევა. ეს არის ხალხის ფული, არ არის ჩვენი ფული, მე პირადად, არაფერს ვკარგავ, პირიქით, პოლიტიკურად მხოლოდ მომგებიანი იქნებოდა ჩვენთვის ამ თანხის გაცემა. აქ საუბარია, რომ ეს არის ხალხის ფული. ჩვენ თუ დავრწმუნდებით, რომ ამ თანხით, საკმაოდ დიდი თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში, რაზეა საუბარი, მაგრამ განცდა თუ გვექნება, რომ ეს თანხა რეალურად, შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში, სწორედ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება გაგვიჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა.

1tv.ge