აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში გამართული საერთაშორისო ღონისძიებაში - „მტკიცებულებიდან მოქმედებამდე: ტყვიით მოწამვლის პრევენცია სიცოცხლის გადასარჩენად“,  პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.


ღონისძიებაზე, რომელსაც ერთობლივად მასპინძლობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია -  World Health Organization, ორგანიზაცია სიცოცხლის გადასარჩენად - Resolve to Save Lives და ბლუმბერგის საქველმოქმედო ორგანიზაცია - Bloomberg Philanthropies, დისკუსია დაეთმო ტყვიით მოწამვლის პრევენციის მიმართულებით გლობალურ გამოწვევებს, ჯანდაცვის პოლიტიკას და ქვეყნებში განხორციელებულ წარმატებულ პრაქტიკებს. 
ნინო ნიჟარაძემ საერთაშორისო აუდიტორიას ტყვიის ზემოქმედების შემცირების მიმართულებით სწორედ საქართველოსა და კონკრეტულად აჭარის გამოცდილება გაუზიარა და ყურადღება გაამახვილა ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შორის სანელებლებში ტყვიის შემცველობის შემცირების კამპანიებზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე, მწარმოებლებისთვის მიზნობრივი ინფორმაციის მიწოდებასა და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებაზე.


„საქართველოს წარმატება ტყვიის ზემოქმედების შემცირების მიმართულებით განპირობებულია სახელმწიფოს კოორდინირებული და მრავალსექტორული მიდგომით. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგულაციების გამკაცრებამ ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა საღებავები, სათამაშოები და სანელებლები. მეორეს მხრივ, ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრირებულმა სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის პროგრამებმა, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსულებისთვის, ხელი შეუწყო რისკების დროულ მართვას. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა თანამედროვე ლაბორატორიულ და მონიტორინგის სისტემებში, რამაც შესაძლებელი გახადა ტყვიის ზემოქმედების უფრო ზუსტი შეფასება. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც. მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ ძლიერი პოლიტიკური ნება და ინტეგრირებული მიდგომა რეალურ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“ - აღნიშნა მინისტრმა. 


პანელურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, ჯანდაცვის სფეროს ლიდერები და საერთაშორისო ექსპერტები.


შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტყვიით მოწამვლის პრევენციის შესახებ მომავალი ტექნიკური პაკეტი, ხოლო დისკუსიის ფარგლებში ასევე განიხილეს სისხლში ტყვიის დონის მონიტორინგის სისტემების გაძლიერება, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება და პრევენციული ღონისძიებების გაფართოების სამომავლო გეგმები.