მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჯანდაცვის სამინისტრომ 2 მილიარდ 321 მილიონ ლარზე მეტი აითვისა და, შესაბამისად, შესრულების მაჩვენებელი 96%-მდეა.

ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
 მისივე თქმით, პროგრამების დონეზე, სოციალური პროგრამების მიმართულებით ათვისებულია მილიარდ 708 მილიონი - 99%-მდე, ჯანდაცვის პოგრამების ნაწილში კი 98,5 %, რაც თანხობრივად 547 მილიონ ლარს აჭარბვებს, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილში 392 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, რაც 100%-იანი შესრულებაა. კაკაურიძის თქმით, შედარებით დაბალია თანხების ათვისება რეაბილიტაციის და აღჭურვის ნაწილში, რაც იმით აიხსნება, რომ გამოცხადებულია ტენდერი როგორც სასწრაფო სამედიცინო მანქანების ისე სხვა მიართულებებით და ეს პროცედურები არ დასრულებულა.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და ხარჯვით ნაწილზე ისაუბრა.
 

მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ეკონომიკის საშუალო ზრდა დაგეგმილზე მაღალია - 9.1%. როგორც მან აღნიშნა, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლის მიუხედავად, 2026 წლის პირველ კვარტალში ინფლაცია დაგეგმილზე მეტია, რაც საწვავზე ფასების გაძვირებამ და საგარეო ფაქტორებმა განაპირობეს.

 
რაც შეეხება საგარეო სექტორს და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ამ მიმართულებებზე დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, რაც ფინანსურ მაჩვენებლებზეც აისახა.
 
„2026 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 6 768.5 მილიონი ლარით განისაზღვრა. საანგარიშო პერიოდში 6 942.2 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.6%-ია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
 
 
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა დადებითად შეაფასეს და წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.