საქართველოში დამხმარე ტექნოლოგიები მოსახლეობის 8.4%-ს სჭირდება. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული. 


განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პრობლემის დასაძლევად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ATscale-მ განახორციელეს ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც გაუმჯობესდა დამხმარე საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, მათი ხარისხი და სისტემური კოორდინაცია:

დამხმარე საშუალებების მიწოდება ინტეგრირებულია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, გადამზადებული სათემო ჯანდაცვის მუშაკების ჩართულობით; მომსახურება გაცდა დიდ ქალაქებს, რაც ხელს უწყობს სოფლად არსებული უთანასწორობის შემცირებას, მომზადდა დამხმარე საშუალებების სპეციფიკაციები, მომსახურების სტანდარტები, ხარისხისა და არჩევანის გაუმჯობესების მიზნით დაინერგა შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და ხელახალი გამოყენების მექანიზმები, გაძლიერდა კოორდინაცია საავადმყოფოებს, სარეაბილიტაციო სერვისებსა და მომსახურების მიმწოდებლებს შორის.


განცხადებაში მოყვანილია აჭარისა და სამეგრელოს მაგალითები, სადაც პირველადი ჯანდაცვის პერსონალმა WHO-ს სპეციალიზებული ტრენინგი გაიარა, რომელიც სტრუქტურული პროცესის მეშვეობით მარტივი დამხმარე საშუალებების, მათ შორის, ხელჯოხების, ყავარჯნებისა თუ სასიარულო ჩარჩოების საჭიროების შეფასებას, მორგებასა და მიწოდებას ეხებოდა.

"სისტემების გაძლიერებას რეალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ადამიანებს ღირსება და დამოუკიდებლობა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გზებით უბრუნდებათ. პროექტის განხორციელებით შესაძლებელი გახდა ცენტრალიზებული და შეზღუდული მიწოდებიდან უფრო ხელმისაწვდომ, უწყვეტ და სისტემურად მხარდაჭერილ ზრუნვაზე გადასვლა," - აღნიშნავს ორგანიზაცია.