ატლანტის ოკეანეში დაფიქსირდა იშვიათი და საგანგაშო ეპიდემიოლოგიური შემთხვევა —ჰანტავირუსის გავრცელება საკრუიზო გემზე. შემთხვევამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, რადგან ვირუსი ჩვეულებრივ ხმელეთზე, მღრღნელებთან კონტაქტთან არის დაკავშირებული და არა საზღვაო გარემოსთან.
საერთაშორისო მედიისა და ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით, ჰანტავირუსის კლასტერი გამოვლინდა საკრუიზო გემზე MV Hondius, რომელიც მოძრაობდა არგენტინიდან აფრიკისკენ, კაბო-ვერდეს მიმართულებით.
ჯანმოს მონაცემებით, ჰანტავირუსის ინფექციის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, ხოლო კიდევ ხუთი შემთხვევა საეჭვოდ ითვლება. ექვსი შემთხვევიდან სამი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პაციენტი სამხრეთ აფრიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.
Reuters-ის თანახმად, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილია ორი ნიდერლანდელი მგზავრი, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია. BBC-ს ცნობით კი, სამივე გარდაცვლილი ნიდერლანდელია.

ჯანმომ კი X პოსტში განაცხადა, რომ ერთ-ერთი ავადმყოფი მგზავრი სამხრეთ აფრიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. Sky News-მა სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მგზავრი ბრიტანელია.
ორგანიზაციის ცნობით, ლაბორატორიულმა ტესტებმა ექვსი ადამიანიდან ერთ-ერთში ჰანტავირუსი დაადასტურა.
სპეციალისტები საფუძვლიანად იკვლევენ სიტუაციას, მათ შორის ატარებენ დამატებით ლაბორატორიულ ტესტებს და ეპიდემიოლოგიურ ანალიზს. ჯანმო საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი იღებს სამედიცინო დახმარებას და მიმდინარეობს ვირუსის სეკვენირება.
ჯანმო-მ განმარტა, რომ ჰანტავირუსის ინფექციები, როგორც წესი, დაკავშირებულია გარემოსთან კონტაქტთან, განსაკუთრებით ინფიცირებული მღრღნელების შარდთან ან განავალთან შეხებასთან. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა. დაავადება შეიძლება იყოს მძიმე, გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაზიანება და საჭიროებს მკაცრ მონიტორინგს და სწრაფ მკურნალობას.
ჯანმო კოორდინაციას უწევს წევრ სახელმწიფოებსა და გემის ოპერატორს შორის თანამშრომლობას ორი სიმპტომური მგზავრის სამედიცინო ევაკუაციის მიზნით. ტარდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის შეფასება და დახმარება უწევს დარჩენილ მგზავრებსა და ეკიპაჟს.
„სწრაფი და კოორდინირებული მოქმედება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საფრთხეების შესაკავებლად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად“, - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მედიის ცნობით, საკრუიზო გემი, რომელზეც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არგენტინის პორტიდან სამი კვირის წინ გავიდა.
მასზე სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 150 მგზავრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ის ამჟამად კაბო-ვერდეს დედაქალაქის პორტის მიმდებარედაა გაჩერებული და ის, ფაქტობრივად, კარანტინშია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, მომხდარის გამო საზოგადოებისთვის რისკი დაბალია და მოგზაურობის შეზღუდვის საჭიროება არ დგას.
ნიდერლანდებში დაფუძნებულმა Oceanwide Expeditions-მა განაცხადა, რომ ისინი „მართავენ სერიოზულ სამედიცინო სიტუაციას“ პოლარული ექსპედიციის გემ MV Hondius-ზე, რომელიც აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულოვან სახელმწიფოსთან, კაბო-ვერდესთან იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, კრუიზი არგენტინიდან დაახლოებით სამი კვირის წინ გავიდა კაბო-ვერდესკენ მიმავალ გზაზე ანტარქტიდასა და სხვა ადგილებში გაჩერდა.
ჰანტავირუსი ვრცელდება მღრღნელების შარდით, განავლით ან ნერწყვით, იწვევს მძიმე რესპირატორულ ან თირკმლის დაავადებებს, ის იშვიათად გადადის ადამიანიდან ადამიანზე.
ამიტომ ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ გაჩნდა ინფექცია გემზე. გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა, მოხდა გარემოს დაბინძურება (მაგ. საკვები საწყობები, ვენტილაცია).





