2025 წლის მონაცემებით, ჯანდაცვაზე მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 170,9 მილიონი ლარი შეადგინა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინა წელს ეს მაჩვენებელი 153,7 მილიონს შეადგენდა, 2023 წელს კი 142,5 მილიონ ლარს.
2025 წლის მაჩვენებლებით, ყველაზე დიდ თანხებს - 600 მილიონ ლარზე მეტს - მოსახლეობა ყოველთვიურად სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავდა. შემდეგ მოდის ტრანსპორტი - 177 მილიონი, მომდევნო პოზიციაა „საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, გაზი და სხვა სათბობი“ - 175 მილიონი.
„გალთ ენდ თაგარტის“ 2025 წლის 9 თვის მონაცემებით (წლიური მონაცემი ჯერჯერობით არ გვაქვს) საქართველოში FMCG ბაზარმა 17.9 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან თამბაქოზე 7% მოდიოდა. შესაბამისად, თამბაქოზე ჯამურმა ხარჯმა დასახელებულ პერიოდში 1.253 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც თვიურ ჭრილში 140 მილიონზე მეტია. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (90,7 მილიონი ლარი) ან განათლებაზე (45,7 მილიონი) ყოველთვიურად დახარჯული ფინანსები.
კიდევ ერთი შედარება: დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორში 2025 წელს მიზიდულმა პრემიამ 600 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად, მოსახლეობა ამ მიმართულებით ყოველთვე საშუალოდ 50 მილიონ ლარს ხარჯავდა, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია თამბაქოზე ყოველთვიურად დახარჯულ თანხებზე.





