2025 წლის მონაცემებით, შინამეურნეობების სამომხმარებლო ფულად ხარჯებში ჯანდაცვაზე 11 % მოდის. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, ქალაქის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 10,2%-ს შეადგენს, სოფლის შემთხვევაში კი 13%-ს.

ზოგადად კი, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე მაღალია სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე გაწეული ხარჯები, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 38.7 პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილზეა ტრანსპორტი  - 11,4%,  მესამეზე კი საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზსა და სხვა სათბობზე გაწეული ხარჯები.

2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 12.5 პროცენტით გაიზარდა და 664 ლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება ხარჯებს, 2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები, წინა წელთან შედარებით, 11.6 პროცენტით გაიზარდა და ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით 1 936 ლარი, ხოლო ერთ სულზე - 603 ლარი შეადგინა.