ეს არ არის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში, შეცდომის დაშვების რისკი მაღალია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით განაცხადა.


სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან პრაქტიკაში არსებული გამოცდილების, კლინიკური შედეგებისა და რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაცვლა, ანალიზი.


ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს, ასევე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო იშვიათი დაავადებების სამკურნალო ახალ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს ევროპულ, წამყვანი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც, რაც დამატებითი დიალოგისა და ინფორმაციის გაცვლის საჭიროებას ქმნის.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, საკითხზე მუშაობა პროფესიულ, კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდეს, რათა გადაწყვეტილებები რაციონალურ შეფასებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნას მიღებული.

„მსოფლიოში არ აქვთ რეალური პასუხები და უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში. ჩვენც, ბუნებრივია, ჩართული ვართ ამ პროცესში და იმედით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც გვექნება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ეს მოგცემს შესაძლებლობას გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს არ არის ის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები და აუცილებლობაა, რომ პასუხისმგებლობით იყოს განმსჭვალული ნებისმიერი გადაწყვეტილება. აუცილებელია მეცნიერული მტკიცებულებების შეკრება და გადაწყვეტილების მხოლოდ ამის საფუძველზე მიღება. აუცილებელია პროცესი დაუბრუნდეს სამუშაო ფორმატს და აქციის ფორმატში გარკვეული პროცესების წარმართვისთვის აუცილებლობა, უბრალოდ, არ არის. ერთადერთი მხარე, ვისთვისაც შესაძლოა, საინტერესო და სასარგებლო იყოს საპროტესტო აქციის ფორმატის შენარჩუნება, შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, კომერციული სექტორი, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არაფრით ეხმარება დღეს არც პაციენტის ინტერესს, არც სახელმწიფოს და საზოგადოებრივ ინტერესს. ყველა მზადაა იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი წარიმართოს და რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება პირველ რიგში, იმ ხალხის სამსახურში, ვისაც ეს მედიკამენტი ყველაზე მეტად სჭირდება,“ - განაცხადა მინისტრმა.