ამჟამინდელი მონაცემები მიუთითებს, რომ საკრუიზო გემ MV Hondius-ზე ჰანტავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა უკავშირდება მოგზაურობამდე, არგენტინასა და ჩილეში აქტივობების დროს გარემოსთან კონტაქტს.
ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წერილშია აღნიშნული, რომელიც ჯანმომ თურქულ საინფორმაციო სააგენტო Anadolu Agency-ს, ჟურნალისტის შეკითხვზე პასუხად მისწერა.
ჯანმოს წერილში ვკითხულობთ: „მიმდინარეობს გამოძიება აქტივობების სრული მარშრუტისა და პოტენციური ზემოქმედების ფაქტორების შესაფასებლად. ამჟამინდელი მტკიცებულებები მიუთითებს ვირუსის შემდგომ გადადებას ადამიანიდან ადამიანზე ბორტზე ყოფნისას. კვლევები დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ ეპიდემიოლოგიური კავშირი შემთხვევებსა და დაინფიცირების ყველაზე სავარაუდო წყაროებს შორის.“
ჯანმო ასევე აღნიშნავს, რომ დაინფიცირების პირველი შემთხვევა ამერიკის სამხრეთ რეგიონს უკავშირდება და ახლა მიმდინარეობს მისი პოტენციური კონტაქტებისა და მოგზაურობის მარშრუტის შესწავლა. ორგანიზაცია გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ ადამიანს, შესაძლოა, მღრღნელებთან შეხება ფრინველებზე დაკვირვების დროს ჰქონოდა.
ჯანმომ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ვირუსის სეკვენირების ანალიზი და რომ ამ აფეთქებასთან დაკავშირებული ჰანტავირუსის ანდების ვირუსის შტამი შედარებული იქნება არგენტინაში, ჩილესა და ურუგვაიში მოცირკულირე შტამებთან, სადაც დაავადება ენდემურია.
„როგორც წინა აფეთქებებიდანაა ცნობილი, ჰანტავირუსი ადამიანიდან ადამიანზე ადვილად არ ვრცელდება. მიმდინარეობს კონტაქტების მიდევნება, რათა დადგინდნენ ის პირები, ვინც შესაძლოა დაინფიცირებულები იყვნენ.
ჯანმო ასევე ხაზს უსვამს, რომ რისკის ქვეშ მყოფ პირებს შორის დაავადებულები შესაძლოა, საკარანტინო ზომების მიღებამდე გამოვლინდნენ, ამიტომ მიმდინარეობს რეაგირება, მათ შორის ახალი საეჭვო შემთხვევების სწრაფი იზოლაცია და ინფიცირებული პირების კონტაქტების დადგენა, რაც შემდგომი გავრცელების რისკს შეამცირებს.
ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ მიმდინარე აფეთქების კონტექსტში, რისკის ქვეშ მყოფ გემებსა და თვითმფრინავებში, პირებმა ხშირად უნდა დაიცვან ხელების ჰიგიენა და აკონტროლონ ადრეული სიმპტომები, მათ შორის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შემცივნება, სიცხე, კუნთების ტკივილი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი, ბოლო შესაძლო კონტაქტიდან 42 დღის განმავლობაში.
ირგანიზაცია ამბობს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ადრეულ სიმპტომებს ან უეცარ ქოშინს იგძნობს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ჯანდაცვის ორგანოებს და რომ მნიშვნელოვანია, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ სამედიცინო შეფასების მიღებამდე. ჯანმო რესპირატორული სიმპტომების მქონე ადამიანებს ურჩევს, დაიცვან რესპირატორული ჰიგიენა და რესპირატორული ნიღაბი ატარონ.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს: „ზოგიერთი პირის კონტაქტის და კონტაქტიდან სიმპტომების განვითარებას შორის დროის (ინკუბაციის პერიოდის) გათვალისწინებით, შეგვიძლია ველოდოთ მეტ შემთხვევას და პოტენციურ შემთხვევათა სიგნალებს, რადგან ბორტზე მყოფი პირები და მათი კონტაქტები მკაცრად კონტროლდებიან. თითოეული ქვეყანა შეიმუშავებს საკუთარ სპეციფიკურ გეგმას ჰანტავირუსთან დაკავშირებით. ეს არ არის ახალი პანდემიის დასაწყისი, როგორც ეს იყო Covid-19-ის შემთხვევაში. რაც ჩვენ ვიცით ჰანტავირუსის შესახებ, არის ის, რომ ის ადვილად არ ვრცელდება. ის ჩვეულებრივ მღრღნელებიდან ადამიანებზე გადადის, მაგრამ ასევე დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე შეზღუდული გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, გემზე შეიძლება მომხდარიყო ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, რისკი ყველაზე დიდია ახლო კონტაქტში მყოფი პირებისთვის.“
ცნობისთვის: ჰოლანდიის დროშის ქვეშ მცურავი სამგზავრო გემი MV Hondius არგენტინის უშუაიას პორტიდან 1 აპრილს გავიდა. მძიმე სიმპტომებით 3 მგზავრის გარდაცვალების შემდეგ ჯანმო-სა და ესპანეთს შორის მოლაპარაკებების შედეგად, 5 მაისს გადაწყდა, რომ MV Hondius-ს
მგზავრების გადმოსაყვანად ტენერიფეში ჩაიყვანდნენ.
ტენერიფედან ევაკუირებულ მგზავრებს შორის, ერთ ფრანგს და ერთ ამერიკელს ჰანტავირუსი თავიანთ ქვეყნებში ჩასვლისთანავე დაუდასტურდათ.
თურქული მედია ავრცელებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ჰანტავირუსთან“ დაკავშირებით თურქეთის 3 მოქალაქის ტესტის პასუხი უარყოფითია.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „საერთაშორისო საკრუიზო გემზე მყოფი ჩვენი ბოლო 3 მოქალაქე სასწრაფო დახმარების თვითმფრინავით ჩამოიყვანეს ჩვენს ქვეყანაში და დაიწყო მჭიდრო მონიტორინგი და იზოლაციის პროცესები. ისევე როგორც ქვეყანაში ადრე შემოსული 2 ადამიანის შემთხვევაში, ამ პირებისგანაც აღებულია საჭირო ნიმუშები“.
განცხადების თანახმად, ტესტის შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა ისინი რეკომენდებული პერიოდის განმავლობაში კარანტინში იქნებიან. მათ კლინიკურ მდგომარეობას ჯანდაცვის სამინისტროს ჯგუფები მუდმივად აფასებენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკაცრად კონტროლდება. ამ დროისთვის, მონიტორინგის დროს 5 პირიდან კლინიკური ნიშნები ან სიმპტომები არცერთში არ დაფიქსირებულა.





