საქართველოში რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ორი წელი გავიდა. ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის შეფასებით, 2024 წელი ქართული მედიცინისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა და მას შემდეგ, 2 წელიწადში ცენტრში 300 ზე მეტი ურთულესი რობოტული ოპერაცია ჩატარდა.
„ეს საოცარი შედეგია, რადგან ევროპის წამყვან კლინიკებში წლიური გეგმა მხოლოდ 100 ოპერაციას შეადგენს,“ - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რობოტული ქირურგიის მთავარი უპირატესობა მაქსიმალურ სიზუსტეში, ნაკლები სისხლის დანაკარგსა და გამარტივებულ რეაბილიტაციაში მდგომარეობს. მცირე განაკვეთების წყალობით, პაციენტს უმარტივდება გამოჯანმრთელება და მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
სწორედ ამ შესაძლებლობის დახმარებით პაციენტები თავიდან იცილებენ ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს, უცხო ქვეყანაში მკურნალობის სტრესსა და ენობრივ ბარიერს, რადგან შესაძლებლობა აქვთ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ უმაღლესი სტანდარტის მკურნალობა.
რამდენიმე დღის წინ კი საქართველოში პირველად, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, საერთაშორისო რობოტული ოპერაცია დისტანციურად ჩატარდა. ქირურგიული ჩარევა ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან თბილისში განხორციელდა.
მსგავსი ტექნოლოგიით ოპერაციის ჩატარების პრეცედენტი არა მხოლოდ რეგიონში (თურქეთი, რუსეთი და სხვ), არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც არ არსებობს. შესრულდა სწორი ნაწლავის კიბოს ურთულესი ოპერაცია — სწორი ნაწლავის ულტრა დაბალი წინა რეზექცია.
დისტანციური და რობოტული ოპერაციები მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი ტემპებით ვითარდება. გასული წლის ივლისში, ექიმების გუნდმა ჩინელი ქირურგის, პროფესორ დოქტორ რონგ ლიუს ხელმძღვანელობით პეკინში ორ პაციენტს ოპერაცია თანამგზავრისა და რობოტული ქირურგიული ტექნოლოგიების გამოყენებით, 5000 კილომეტრის დისტანციიდან ჩაუტარა. პაციენტები ტიბეტის ქალაქ ლჰასაში იმყოფებოდნენ.
ეს გახდა ისტორიაში თანამგზავრული კავშირის გამოყენებით ჩატარებული ყველაზე შორმაგისტრალური ოპერაცია.
ჩინეთი გეგმავს, თანამგზავრული მოდელი ჯანდაცვის უფრო ფართო ნაციონალურ სტრატეგიაში ჩასვას. ექსპერტების თქმით, შესაძლოა ეს იყოს კოსმოსური მედიცინის ახალი ერის დასაწყისი, რაც ნიშნავს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას მსოფლიოს ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში.





