კვირას სასიკვდილო ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად დაზარალებული საკრუიზო გემიდან, კანარის კუნძულებიდან, მგზავრებისა და ეკიპაჟის ჯგუფები გადმოვიდნენ, რათა სამშობლოში გადაეყვანათ, სადაც დაავადების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ეროვნული პროტოკოლების შესაბამისად იზოლაციაში იქნებიან.


ორივე ქვეყნის მთავრობის ცნობით, სამთავრობო თვითმფრინავები, რომლებშიც ესპანეთისა და საფრანგეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შუადღისას მადრიდსა და პარიზში დაეშვნენ, სადაც მგზავრები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჰანტავირუსით დაინფიცირებულ მგზავრს საფრანგეთში რეპატრიაციის დროს დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა. სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთის მოქალაქეს სიმპტომები ტენერიფედან პარიზში ჩარტერული რეისის დროს განუვითარდა, ამიტომ MV Hondius-დან ევაკუირებული ხუთივე ადამიანი „შემდგომ შეტყობინებამდე დაუყოვნებლივ მკაცრ იზოლაციაში მოათავსეს“. საფრანგეთის მოქალაქეები 90-ზე მეტ ტურისტს შორის არიან, რომლებიც კვირას კანარის კუნძულებთან გამთენიისას ჰოლანდიური გემიდან სამშობლოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ გემზე მგზავრობის შემდეგ სამი მგზავრი გარდაიცვალა, რომელთაგან ორს ჰანტავირუსი დაუდასტურდა.

ფრანგული რეისის ლე ბურჟეს აეროპორტში დაშვების შემდეგ, ასაფრენ ბილიკზე მათ პირად დამცავ აღჭურვილობაში გამოწყობილი ოფიციალური პირები დახვდნენ. სასწრაფო დახმარების მანქანებმა ისინი საფრანგეთის დედაქალაქის ბიშას საავადმყოფოში გადაიყვანეს.


იქ ისინი 72-საათიან კარანტინში იქნებიან, სადაც სრულ შეფასებას ჩაუტარებენ, რის შემდეგაც 45-დღიან თვითიზოლაციაში სახლში გაგზავნიან.

ბრიტანეთის მოქალაქეები კი მანჩესტერში დააბრუნეს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, არცერთ ბრიტანელს სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ისინი მონიტორინგს გადიან.

ნიდერლანდებში კი ჩაფრინდა თვითმფრინავი, რომელშიც 26 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იყვნენ.
კვირას აშშ-ში 18 ადამიანი - კრუიზის ყველა ამერიკელი მგზავრი და აშშ-ში მცხოვრები ერთი ბრიტანელი მოქალაქე - გადაიყვანეს.


აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ცნობით, ერთ-ერთ ამერიკელს ჰანტავირუსის მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა, ხოლო მეორეს საკრუიზო გემიდან ევაკუაციის შემდეგ ვირუსის ანდების შტამზე მსუბუქი დადებითი პასუხი დაუფიქსირდა.

ორივე მგზავრი სიფრთხილის ზომების გამო მგზავრობისას თვითმფრინავის ბიოშეკავების განყოფილებებში იყო მოთავსებული.

კვირას ასევე დაგეგმილი იყო თურქეთისა და ირლანდიის მოქალაქეების რეისები, ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მონიკა გარსიამ კი განაცხადა, რომ ბოლო ორი ევაკუაციის რეისი ორშაბათს შუადღისას განხორციელდება.
ექვსი მგზავრი ავსტრალიაში ბრუნდება, ხოლო კიდევ 18 ნიდერლანდებში გადაფრინდება. ორივე თვითმფრინავით ასევე გადაჰყავს მგზავრები სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც საკუთარი რეპატრიაციის რეისები არ გაგზავნეს.

საკრუიზო გემმა გრანადილიას პორტში (ტენერიფე) ღუზა კვირას ჩაუშვა. სამედიცინო ჯგუფები გემზე ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ავიდნენ.

ამით დაიწყო ესპანეთის მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაგეგიმილი, რეპატრიაციის ფრთხილი პროცესი.

კვირას დილით პირველი ევაკუაციის დროს შორიდან ჩანდა, როგორ დადიოდნენ მგზავრები გემის გემბანზე ან ფანჯრებთან, ყველანი თეთრ სამედიცინო პირბადეებში.

რამდენიმე ადამიანი ნაპირთან მიახლოებისას ფოტოებს და ვიდეოებს იღებდა. ნაპირზე კი მათ თეთრ დამცავ კოსტიუმებში გამოწყობილი ოფიციალური პირები დახვდნენ.


„ჰონდიუსის“ ჩამოსვლას წინააღმდეგობებიც შეხვდა, მათ შორის კანარის კუნძულების რეგიონული პრეზიდენტისგან, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა ვირუსის ტენერიფეზე გავრცელების საფრთხის გამო.

ჰანტავირუსს, როგორც წესი, მღრღნელები ატარებენ, თუმცა ანდების შტამის ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია და, ჯანმოს აზრით, სწორედ ეს მოხდა გემის ზოგიერთ მგზავრს შორის, სამხრეთ ამერიკაში ყოფნის დროს. 
სიმპტომებში შეიძლება შედიოდეს სიცხე, ძლიერი დაღლილობა, კუნთების ტკივილი, კუჭის ტკივილი, ღებინება, დიარეა და ქოშინი.


ჰელენ კლარკმა, პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების დამოუკიდებელი ჯგუფის თანათავმჯდომარემ, BBC-ს განუცხადა, რომ მომხდარის შედეგად გემებზე ვირუსული აფეთქებების მართვის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ.
როდესაც ჰკითხეს, მზად იყო თუ არა მსოფლიო კიდევ ერთი პანდემიის მოსაგვარებლად, მან უპასუხა, რომ ჯერ კიდევ სამუშაოა ჩასატარებელი.

„ჯერ არ არის საკმარისი დაფინანსება დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მხარდასაჭერად, რათა მათ ადრეული გამოვლენის, მეთვალყურეობისა და რეაგირების შესაძლებლობები შექმნან“, - თქვა მან.

მან დასძინა, რომ „მიმართულება სწორია, თუ ქვეყნები გაერთიანდებიან, რათა შესაძლებელი გახდეს გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა, ვიდრე Covid-ის შემთხვევაში გაკეთდა.
ჰანტავირუსით პირველი მგზავრის გარდაცვალება 11 აპრილს დაფიქსირდა, მეორესი - 2 მაისს. 69 წლის ჰოლანდიელი ქალი, რომელმაც გემი წმინდა ელენეს კუნძულზე 24 აპრილს დატოვა, სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ორი ბრიტანელი მამაკაცი კი, რომლებსაც დადასტურებული შემთხვევები აქვთ, მკურნალობას ნიდერლანდებსა და სამხრეთ აფრიკაში გადის.

მესამე ბრიტანელი საეჭვო შემთხვევის გამო ატლანტიკის შორეულ კუნძულ ტრისტან და კუნიაზე მკურნალობს, სადაც ბრიტანეთის არმიის მედიკოსები ახალი მარაგებით პარაშუტით გადავიდნენ მის სამკურნალოდ.


 „ჰონდიუსი“ კი გზას ნიდერლანდებისკენ გააგრძელებს, სადაც, ერთ-ერთი გარდაცვლილი მგზავრის ცხედარს, გადმოყვანამდე, და მის ნივთებს დეზინფექციას ჩაუტარებენ.

ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადებით, ჰანტავირუსი პანდემიის რისკებს არ შეიცავს
„ეს არ არის კიდევ ერთი COVID. ჰანტავირუსით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამჟამინდელი რისკი დაბალი რჩება. მე და ჩემმა კოლეგებმა ეს უკვე ცალსახად განვაცხადეთ და ახლა კიდევ ერთხელ გეტყვით,“ - განაცხადა გებრეიესუსმა.

bbc.com-ისა და Reuters-ის ინფორმაცია