დღეს ასთმის მსოფლიო დღეა, რომელიც ასთმის გლობალური ინიციატივის მიერ, ყოველწლიურად მაისის პირველ სამშაბათს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ასთმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

2026 წლის ასთმის მსოფლიო დღისათვის, რომელიც წელს 5 მაისს აღინიშნება, შერჩეული თემა ყურადღებას ამახვილებს ასთმის სამკურნალო ანთების საწინააღმდეგო საინჰალაციო საშუალებების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ყველასათვის, რისი საჭიროებაც ჯერ კიდევ მწვავედ დგას მსოფლიოში.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ასთმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული არაგადამდები დაავადებაა და იგი მსოფლიოში 260 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ასთმის დიაგნოზით ყოველწლიურად 450 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა მათი უმრავლესობის პრევენცია შესაძლებელია.

ასთმის გლობალური ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ თითოეულ პაციენტს, მათ შორის ბავშვებს, უნდა ჰქონდეს წვდომა თანამედროვე საინჰალაციო მკურნალობაზე, განსაკუთრებით კომბინირებულ პრეპარატებზე, რომლებიც ერთდროულად აკონტროლებს სიმპტომებსაც და ანთებასაც.ჯანმრთელობის დაცვის სისტემებმა, მთავრობებმა და ფარმაცევტულმა სექტორმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეფექტური საინჰალაციო მკურნალობა ხელმისაწვდომი იყოს ასთმით დაავადებული ყველა ადამიანისთვის - ყველგან და ყველასთვის.

ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ასთმის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფილია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფები, მათ შორის საპენსიო ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი პირები და სხვ.

"ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით და თანამედროვე სამკურნალო საშუალებებით ასთმა სრულად ექვემდებარება კონტროლს! კონტროლირებული ასთმის მქონე პირებს შეუძლიათ სრულფასოვნად ცხოვრება," - ნათქვამია განცხადებაში.