მერიის ახალი პროგრამისადმი ინტერესი პირველი დღეებიდან საკმაოდ მაღალია. ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. სიუჟეტის თანახმად, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის ამოქმედებისთანავე, იმ კლინიკებში, სადაც თბილისის მერიის დაფინანსებით უფასო კვლევებია ხელმისაწვდომი, პირველივე დღეებში მაღალი მიმართვიანობა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა 1 მაისიდან ამოქმედდა და მისი მიზანი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა. პირველადი დიაგნოსტირება კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ხდება. სკრინინგი ამ ეტაპზე, 16 სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედებს.
რადიოლოგების განმარტებით, სკრინინგის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფილტვის კიბო ხშირად უსიმპტომოდ, უკვე გვიან სტადიებზე ვლინდება. ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება კი მკურნალობის ეფექტიანობას მკვეთრად ზრდის.
საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი წივწივაძე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გამოკვლევა ერთი წუთის განმავლობაში გრძელდება და ითვალისწინებს გულმკერდის დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებას, რომლის დროსაც სხივური დატვირთვა მინიმალურია.
პროგრამაში ჩართვისთვის განსაზღვრულია გარკვეული კრიტერიუმები - ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ დედაქალაქში რეგისტრირებული 45-დან 75 წლამდე ასაკის, თამბაქოს აქტიური მომხმარებლები, ან ამავე ასაკის ადამიანები, რომლებმაც მოწევას ბოლო 15 წლის განმავლობაში დაანებეს თავი. სპეციალისტების თქმით, ასაკობრივი ზღვარი შემთხვევითი არ არის - ფილტვის კიბოს ძირითადი გამომწვევი ფაქტორი თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარებაა, რის გამოც დაავადება ყველაზე ხშირად სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება.
კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო ნებიერიძის თქმით, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადების განკურნება სრულიად შესაძლებელია და ქვეყანაში არსებობს ყველანაირი საშუალება, რომ დაავადება ეფექტიანად განიკურნოს.




