მიზანშეწონილია ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა, რაც გაზრდის შესყიდვის მოცულობას და შექმნის უკეთესი ფასის მოლაპარაკების შესაძლებლობას მომწოდებლებთან. ამის შესახებ ნათქვამია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდ და სამ სექტორს - ფარმაცევტულს, საწვავისა და სურსათის ბაზარს ეხება. ფარმაცევტული ბაზრის ნაწილში კი ცალკეა გამოყოფილი ბავშვთა კვება, რომელიც, დოკუმენტის ავტორების თქმით, სოციალურად მგრძნობიარე სეგმენტია, რომლის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმპორტზე დამოკიდებულება და მიწოდების შედარებით გრძელი ჯაჭვი.

ცენტრალიზებული შესყიდვების გარდა, რეკომენდაციების ავტორების თქმით, მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის მხარდაჭერა, რაც შეამცირებს ლოგისტიკურ და კომერციულ დანახარჯებს და დადებითად აისახება საბოლოო ფასზე. 


შეგახსენებთ: კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე ითქვა, რომ, შესაძლოა, რეფერენტული ანუ ზედა ზღვრული ფასები, მედიკამენტების შემდეგ ბავშვთა კვების პროდუქციასა და აქსესუარებზეც ამოქმედდეს. თუმცა დღეს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში აღნიშნული პრინციპი არ ასახულა.