კომპანია Nestlé-მ დაიწყო იმ ფინანსური ზარალის შეფასება, რომელიც ჩვილთა საკვები ფორმულის ბაზრიდან ამოღებას მოჰყვა. ამის შესახებ foodsafetynews.com წერს და აღნიშნავს, რომ პროდუქციის გაწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოვლინდა.


კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულმა ნაბიჯმა უარყოფითად იმოქმედა როგორც გაყიდვებზე, ისე მოგებაზე. გაწვევა შეეხო ჩვილებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს, რომლებიც სხვადასხვა ბაზრიდან მომხმარებელთა დაცვის მიზნით სწრაფად ამოიღეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აქტიურად თანამშრომლობენ მარეგულირებელ უწყებებთან და აძლიერებენ ხარისხის კონტროლის მექანიზმებს, რათა მსგავსი შემთხვევები მომავალში თავიდან აიცილონ.
მიუხედავად ფინანსური ზარალისა, Nestlé-ში ხაზს უსვამენ, რომ მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის უსაფრთხოება და ნდობის შენარჩუნებაა.

6 იანვარს Nestle-მ ბავშვის ფორმულის ზოგიერთი პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ განაცხადა. მიზეზი გახდა შეშფოთება, რომ პროდუქცია შეიძლება ცერეულიდს შეიცავდეს.


კომპანიამ განმარტა, რომ პრობლემა გამოწვეული იყო წამყვანი მომწოდებლის მიერ მოწოდებული ინგრედიენტით.

„ნესტლეს“ პროდუქცია საქართველოდანაც გაწვეულია - საუბარია NAN 1-ის და NAN 2-ის შეზღუდული რაოდენობის პარტიებზე.
 
მას შემდეგ მსოფლიოს ბაზარზე პროდუქტი არ დაბრუნებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი ტესტირება და ინგრედიენტის შემოწმება.

ჯერ კიდევ თებერვალში კომპანიის მიერ ამ გაწვევის გამო მიღებული ზარალი 210 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.