მიზანშეწონილია რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის გაფართოება და მისი გავრცელება აქტიურად მბრუნავი მედიკამენტების მინიმუმ 60%-ზე. შედეგად, მოსალოდნელია, რომ მოსახლეობას საშუალოდ 40%-ით შეუმცირდება ფასები იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები დღეს არ მოქმედებს.
ამის შესახებ ნათქვამია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდ და სამ სექტორს - ფარმაცევტულს, საწვავისა და სურსათის ბაზარს ეხება.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი ხასიათდება ფართოდ განვითარებული საცალო ქსელით და იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით. 2025 წლის მონაცემებით, იმპორტი განახორციელა 342-მა კომპანიამ, რომლის 80% ნაწილდება ბაზრის 10 მოთამაშეზე. ამასთან, ჯამური იმპორტის 58% სრულდება სამი კომპანიის მიერ.
„საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი წარმოადგენს კონსოლიდირებულ და რეგულირებად სექტორს, სადაც ფასის ფორმირება დამოკიდებულია როგორც სახელმწიფო პოლიტიკაზე, ისე ბაზრის სტრუქტურულ თავისებურებებზე,“ - აღნიშნულია რეკომენდაციებში.
მასში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სწრაფად მზარდ სეგმენტს წარმოადგენს და 2025 წლის მდგომარეობით, ბაზრის ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს და წლიურად საშუალოდ 5%-7%-ით იზრდება.
აღნიშნული კი მიუთითებს, რომ სექტორი ინარჩუნებს ზრდის დინამიკას როგორც მოსახლეობის მოთხოვნის, ისე ჯანმრთელობის სისტემის გაფართოების პარალელურად.
დოკუმენტში განსაკუთრებითაა აღნიშნული იმპორტის მაღალი წილი, რომელიც ბაზრის დაახლოებით 88%-90%-ს შეადგენს. ამასთან, იმპორტირებულ პროდუქციაში კერძო, ანუ არასახელმწიფო შესყიდვების წილი დაახლოებით 84 %-ია.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის მდგომარეობით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების წილი 12%-14%-მდეა, რასაც GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სერტიფიკატის მქონე 4 კომპანია აწარმოებს: ჯი ემ ფარმასიუთიქალ; ავერსი-რაციონალი; ბიოქიმფარმა და აბიფარმა. ბოლო მონაცემებით, ბაზარზე 2,386 მოქმედი საცალო აფთიაქი ფუნქციონირებს.
ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება შეფასდეს როგორც ვერტიკალურად ინტეგრირებული, რაც ნიშნავს, რომ მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპი - წარმოება, იმპორტი, დისტრიბუცია და საცალო რეალიზაცია ხშირ შემთხვევაში კონცენტრირებულია ერთსა და იმავე ეკონომიკურ ჯგუფებში.
დოკუმენტის თანახმადვე, ბაზარი გამოირჩევა მაღალი ასორტიმენტით და დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია დაახლოებით 11,000 მედიკამენტი, თუმცა მსხვილ სააფთიაქო ქსელებში წარმოდგენილია დაახლოებით 5,000 დასახელების მედიკამენტი, რომელთა შორის რეცეპტით გასაცემი და ურეცეპტო პრეპარატები დაახლოებით თანაბრად - 50%-50%-ის პროპორციით ნაწილდება. ამასთან, რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების 70% ექცევა რეგულირებაში (რეფერენტული ფასწარმოქმნა), ხოლო ურეცეპტოს - 10%.
რაც შეეხება ფასების წარმოქნას, რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ ფარმაცევტულ სექტორში ფასის ფორმირება ეფუძნება ორ ძირითად რგოლს: მწარმოებელს/იმპორტიორს და სააფთიაქო ქსელს. აღნიშნული სტრუქტურა განპირობებულია იმით, რომ მსხვილ სააფთიაქო ქსელებს გააჩნიათ საკუთარი ლოგისტიკური ცენტრები, სადაც კონცენტრირდება მედიკამენტების მიწოდება და საიდანაც ხდება მათი შემდგომი გადანაწილება ქსელის მიერ საკუთარ აფთიაქებში. შედეგად, დისტრიბუციის ფუნქცია ინტეგრირებულია ქსელის დონეზე, რაც ამცირებს დამატებითი შუამავალი რგოლების საჭიროებას, ამარტივებს მიწოდების პროცესს და ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მომხმარებლისთვის საუკეთესო ფასის შეთავაზებაზე.
მიმოხილვის შემდეგ კი დოკუმენტში მოცემულია მისი მთავარი ნაწილი - რეკომენდაციები. ავტორები ამბობენ, რომ რეფერენტული ფასების სისტემა უკვე ჩამოყალიბდა როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ფასები რეგულირებულ სეგმენტში და გაზარდა მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. არსებულმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ აღნიშნული მექანიზმი წარმატებით ზღუდავს ზედმეტ მარჟებს და ამავდროულად ინარჩუნებს ბაზრის ფუნქციონირების სტაბილურობას. აღნიშნულის საფუძველზე, მიზანშეწონილია სისტემის გაფართოება და მისი გავრცელება აქტიურად მბრუნავი მედიკამენტების მინიმუმ 60%-ზე. შედეგად, მოსალოდნელია, რომ მოსახლეობას საშუალოდ 40%-ით შეუმცირდება ფასები იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები დღეს არ მოქმედებს.
მეორე რეკომენდაციაა ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის გაფართოება და დამატებითი მედიკამენტების ჩართვა.
მესამე პუნქტია რეგისტრაციის მექანიზმების ოპტიმიზაცია და ეროვნული რეჟიმის გაძლიერება.
„ერთის მხრივ, მიზანშეწონილია რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება იმ მედიკამენტებისთვის, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნით არიან მიმოქცევაში იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს EMA და სხვა მკაცრი მარეგულირებლები. აღნიშნულ შემთხვევებში ბიოექვივალენტობის კვლევების მოთხოვნის მოხსნა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ფინანსურ, ისე დროულ დანახარჯებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. მეორეს მხრივ, საჭიროა ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციის მექანიზმის გაძლიერება და მისი უფრო ეფექტიანად გამოყენება უცხოური მწარმოებლების ეროვნული GMP სერტიფიცირების მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი მედიკამენტების სწრაფ შემოსვლას, გაზრდის კონკურენციას და გააფართოებს პროდუქციის ასორტიმენტს,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
რეკომენდაციებს შორისაა მუდმივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების და სხვა რეგულაციური ინსტრუმენტების გავლენის რეგულარულ შეფასებას.
ეს გულისხმობს მუდმივ ანალიზს, ხომ არ იწვევს რეგულაცია ასორტიმენტის შემცირებას, ნაკლებად მომგებიანი მედიკამენტების ბაზრიდან გასვლას, ხარისხის შემცირებას ან მიწოდების შეფერხებებს. მეორე მიმართულებად, აუცილებელია მედიკამენტების დეფიციტების პრევენციის სისტემური გაძლიერება. ამ მიზნით მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ისე მთლიან ბაზარზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მუდმივი მონიტორინგი.




