ქართველ ექიმებს აქვთ საკმაოდ მაღალი და კარგი შედეგები და რეპუტაციაც, არიან კეთილსინდისიერები. მათი დიდი ნაწილი თავისუფლად შეძლებდა წამყვან ევროპულ და ამერიკულ კლინიკებში დასაქმებას - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ, პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

„მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია მდგომარეობას, რომ საქართველოში ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, ისედაც არ გაკლიათ. ზუსტად ეს არის ინტერპრეტაცია, რომ თქვენ ფიქრობთ, საუბრობთ უნდობლობაზე და ხელს უწყობთ აზრის კულტივირებას, რომ საქართველოში წარმატებული მკურნალობა არ ხდება,“ - ასე მიმართა მინისტრმა ოპოზიციას და აღნიშნა: „მე უნდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ქართველი ექიმების მიმართ, რომლებიც საქართველოში მუშაობენ და აქვთ საკმაოდ მაღალი და კარგი შედეგებიც და რეპუტაციაც, არიან კეთილსინდისიერები. მათი დიდი ნაწილი
თავისუფლად შეძლებდა წამყვან ევროპულ და ამერიკულ კლინიკებში დასაქმებას და მაღალი რეპუტაციის მოხვეჭას, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამის კონკრეტული დასტურიც არსებობს.“

მიხეილ სარჯველაძემ რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, გასულ წელს საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით ონკოლოგიის მიმართულებით
მკურნალობა დაუფინანსდა მხოლოდ 573 პაციენტს. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისის მერიის მიერ დაფინანსდა 127 ონკოპაციენტის მკურნალობა, ხოლო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ - 78 ონკოპაციენტის. მისი განმარტებით, ამ უკანასკნელ შემთხვევებში, შესაძლებელია იყოს დაფინანსების დუბლირება.


„ონკოლოგიური სერვისისთვის დამოუკიდებლად გასული პაციენტების რაოდენობა შეიძლება აღემატებოდეს დასახელებულ რიცხვებს, რადგან მე ვსაუბრობ იმ პაციენტებზე, რომლებმაც მომართეს სამინისტროს და მიიღეს
დაფინანსება, თუმცა რიცხვები აქ დრამატულად განსხვავებული არ იქნება. 38 627 ბენეფიციართან შედარებით საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნის მაჩვენებელი, ვფიქრობთ, მაღალ პროცენტს არ შეადგენს, თუმცა,
გეთანხმებით, რომ პრობლემა მაინც საგულისხმოა და ამაზე ღიად ვსაუბრობთ ჩვენც. უბრალოდ, ჩვენ კორექტულად ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით და მონდომებით, რომ იმ ექიმებმა, რომლებიც მუშაობენ, დაიბრუნონ კუთვნილი
რეპუტაცია, რომელსაც ეს ხალხი იმსახურებს “ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


ჯანდაცვის მინისტრმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც შესაძლოა პაციენტები სერვისების მიღებას უცხოეთში ანიჭებდნენ უპირატესობას.

„მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, სამწუხაროდ, უმცირესობაში, მაგრამ მაინც, არიან ექიმები და ექთნები, რომლებსაც აქვთ ზოგიერთ შემთხვევაში კვალიფიკაციის, ზოგიერთ შემთხვევაში - დისციპლინის პრობლემები. დიახ, სამწუხაროდ, არის კვალიფიკაციის ნაკლებობა საკმაოდ რეალური გამოწვევა საქართველოში და ამასთან დაკავშირებით საუბრობს ჩემთვის პატივსაცემი ყველა ექიმი. პრაქტიკულად ამ თემაზე ვსაუბრობთ და მუშაობაც
მიმდინარეობს.


პრობლემა გვაქვს პროფესიული დეფიციტების. ეს, რა თქმა უნდა, არის დაკავშირებული განათლების სისტემის რეფორმასთან - ორიენტირი უნდა იყოს, პირველ რიგში, იმ კადრების მომზადება, რომელიც კრიტიკულად
მნიშვნელოვანია ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის.


თავის ადგილას არის საკმაოდ აგრესიული მარკეტინგიც - მიზეზთა შორის, ესეც ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, დღეს საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა აწყობილი პაციენტების უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნასთან 
დაკავშირებით, რასაც, სამწუხაროდ, გარკვეული დოზით ახასიათებს რეკლამაც - თავისი გადაჭარბებული მოლოდინების შექმნითაც და საქართველოში არსებული კონკურენტის ე.წ. გაშავების ტაქტიკითაც.

ყველაფერი ეს ბადებს რეპუტაციულ პრობლემებსაც, ამის კულტივირებაზე მაქვს სწორედ საუბარი, როგორც სახიფათო და მანკიერ მოვლენაზე. მაგალითად, ამას წინათ, რეფერალის კომისიაზე შემოსული იყო ორი
განცხადება - ერთი და იგივე პროთეზის შეცვლას ითხოვდა 2 სხვადასხვა პაციენტი, უბრალოდ დაემთხვა, ერთი კომისიის სხდომაზე აღმოჩნდა. ერთსა და იმავე პერიოდში, ორივეს ჰქონდა, პირობითად რომ ავიღოთ, ვთქვათ,
მუხლის პროთეზი შესაცვლელი. ერთ მათგანს, დაახლოებით, 5 წლის წინ ჰქონდა ეს ოპერაცია გაკეთებული სხვა სახელმწიფოში. მის განცხადებაში, რომელიც სხვათა შორის, სამედიცინო დოკუმენტაციასაც ემთხვეოდა,
აღნიშნული იყო, რომ რეციდივის გამო, აუცილებელი იყო ხელმეორედ ამ ოპერაციის ჩატარება. მეორე განცხადებაში, დაახლოებით იმავე პერიოდში, საქართველოში გაკეთებულ იგივე ოპერაციაზე ეწერა, რომ წარუმატებელი ოპერაციის გამო, ხელმეორედ იყო ჩასატარებელი.


ეს სხვა არაფერია, თუ არა მარკეტინგი, ბუნებრივია, რომ აქ სამუშაო გვექნება. ამ ყველაფრის გამოა, რომ მაგალითად, ქართველ ექიმებზე როდესაც ვსაუბრობთ, სრულიად არაერთგვაროვანი აღქმები არსებობს მედიცინის
სხვადასხვა მიმართულებებით, იმის მიხედვით, როგორია თუნდაც ეს მარკეტინგული გავლენები. მაგალითად, კარდიოქირურგიის დონე საქართველოში ეჭვგარეშედ მაღალია, ამაზე, მე მაგალითად, არ შემხვედრია
ვინმესგან გამოთქმული ეჭვი. ამას, სამწუხაროდ, ვერ იტყვი ონკოლოგიის მიმართულებით, სადაც მაღალია ასეთი ინტერესების გავლენა ან, მაგალითად, ორთოპედიის მიმართულებით“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ცალკეულ, მართლაც რთულ შემთხვევებში, უცხოეთში მკურნალობის მიზეზი შესაძლოა იყოს სპეციალიზებული კლინიკების საჭიროება. როგორც მიხეილ სარჯველაძემ
აღნიშნა, ეს მხედველობაში მისაღებია.


„არის მიზეზთა შორის რამდენიმე მაღალტექნოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება (მაგალითად, PSMA კვლევა ან ლუტეციუმით დასხივება). საუბარია, მაგალითად, ასეთი კვლევებისთვის საჭირო იზოტოპებზე, რომლის
იმპორტიც საქართველოში ვერ ხერხდება ტექნიკურად (დამზადებიდან მალევე ექვემდებარება გამოყენებას და ამიტომ არ ექვემდებარება ტრანსპორტირებას). საბედნიეროდ, საქართველოში ახლაც მიმდინარეა რამდენიმე პროექტი, რომელიც ახლო მომავალში აღმოფხვრის ამ კონკრეტულსა და სხვა მსგავს საჭიროებებს.

 ბევრი შეცდომაა დაშვებული გასული წლების განმავლობაში, (შემიძლია ვთქვა, გასული ათწლეულების განმავლობაში), რისი შედეგიც არის ის, რა სურათიც ახლა ჩვენ გვაქვს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეებს შორის აღქმა იმისა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა აღემატება იმას, რაც ხელმისაწვდომია
საქართველოში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის რეპუტაცია იყოს მაღალი და ამას ჰქონდეს ობიექტური დასაყრდენი“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.