26 მარტს ეპილეფსიის შესახებ ცნობიერების ამაღლების „იისფერი დღე“ აღინიშნება. მის აღნიშვნას საფუძველი ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე გოგონას - კასსიდი მეგანის ინიციატივით, ეპილეფსიის მქონე პირთა მხარდასაჭერად, 2008 წელს, კანადაში ჩაეყარა.

გლობალური კამპანიის ფარგლებში, ადამიანები იისფერს იცვამენ, რათა გამოხატონ მხარდაჭერა ეპილეფსიით მცხოვრები ადამიანების მიმართ. ნევროლოგიურ დარღვევებს შორის გავრცელების თვალსაზრისით, ეპილეფსიას მეოთხე ადგილი უკავია შაკიკის, ინსულტისა და ალცჰაიმერის დაავადებების შემდეგ. ეპილეფსია ხასიათდება თავის ტვინის ნორმალური ელექტრული აქტივობის დარღვევით, რაც კლინიკურად ვლინდება გულყრით, უნებლიე მოძრაობით და ქცევის ცვლილებებით.

ხაზგასასმელია, რომ დროული დიაგნოსტიკისა და სამედიცინო ჩარევის პირობებში, დაავადება ექვემდებარება ეფექტურ მართვას.

ეპილეფსიის შემთხვევათა 50%-ში გამომწვევი მიზეზი უცნობია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს აქვს ეპილეფსია. ეპილეფსიის შემთხვევათა დაახლოებით 25%-ის პრევენცია შესაძლებელია. სწორი დიაგნოზისა და სათანადო მკურნალობის პირობებში პაციენტების დიდი ნაწილი (70%) ეპილეფსიური გულყრების გარეშე ცხოვრობს.საქართველოში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის კომპონენტი, რაც მოიცავს 18 წლამდე და უფროს პირებში ეპილეფსიის პირველად დიაგნოსტიკას და დიაგნოზის დადასტურების მიზნით პაციენტის ჩაღრმავებულ კვლევებს.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა უზრუნველყოფს ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას. პროგრამული სერვისები უფასოა ბენეფიციარებისათვის და სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ.