ქვეყანაში კერძო სამედიცინო დაზღვევის 785 361  მოქმედი პოლისია. 2025 წლის მაჩვენებლებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს. მისი მონაცემებით, წინა წელს ეს მაჩვენებელი 741 174-ს შეადგენდა. 2023-ში კი 720 944-ს. 


2025 წლის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 600 მლნ. ლარი შეადგინა (წინა წელს 534 მლნ იყო). სამედიცინო დაზღვევის ბაზრის ლიდერი ისევ ჯიპიაია 144 მლნ 800 ათასი ლარის პრემიით და ბაზრის  24%-იანი წილით. მეორეა მედი L - 112.8 მლნ და 19%, მესამე კი არდი - 91.8 მლნ და 15%. 

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.  2024 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1, 259 მილიარდი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 307 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 127 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 446 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 459 მილიონ ლარს.