ქვეყანაში მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2025 წლიდან დაიწყო, შეიცვალა საბაზისო პაკეტი, გაიზარდა მისი მოცულობაც და ღირებულებაც, რასაც სახელმწიფო ამ დაწესებულებებს უხდის. შესაბამისად, ეს პაკეტი ბევრად მომხიბვლელი გახდა მოქალაქეებისთვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ამის შესახებ ოჯახის ექიმმა მარინა შიხაშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელს რეფორმა კიდევ უფრო გაფართოვდება.
შეგახსენებთ, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, საპილოტე პროგრამა გასული წლიდან ამოქმედდა. რეფორმის მიზანია, ანაზღაურების ფიქსირებული, უნიფიცირებული მოდელი ჩანაცვლდეს ასაკ-სპეციფიკური ფიქსირებული ტარიფებით, ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად.
მაგალითად მოვიყვანთ რამდენიმე ინდიკატორს: 50% მაინც უნდა იყოს ჰიპერტენზიით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მაჩვენებელი, რომელთაც განახორციელეს ვიზიტი პჯდ ექიმთან და სამედიცინო დოკუმენტში ასახულია არტერიული წნევა და შეფასებულია მკურნალობა. ასევე 50% უნდა იყოს ჰიპერტენზიით დაავადებული 40 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამიზნე მაჩვენებელი, რომელთაც განუსაზღვრეს მიკროალბუმინურიის ტესტი თირკმლის დაზიანების შეფასების მიზნით.
შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება გულისხმობს განსაზღვრული ინდიკატორების შესრულების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების მექანიზმს.
ასევე აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში, არსებულ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებებს 4 ლაბორატორიული და 2 ინსტრუმენტული გამოკვლევა დაემატა. ესენია:
მიკრო ალბუმინურიის (UACR) განსაზღვრა შარდში, კალიუმისა და ნატრიუმის განსაზღვრა სისხლში, შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში, გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, ექოკარდიოგრაფია (ტრანსთორაკალური, მხოლოდ გულის უკმარისობის C სტადიის დროს) და სპირომეტრია. საპილოტე პროგრამა, თბილისში, ლანჩხუთში, ხარაგაულში, საჩხერეში, დუშეთსა და ახალციხეში, 6 სხვადასხვა ამბულატორიულ დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე, გაზრდილი სერვისებით, სწორედ ბენეფიციარები ისარგებლებენ.
რეფორმამ ჯანდაცვის სისტემას უნდა მისცეს შესაძლებლობა, ქრონიკული დაავადებები დროულად გამოვლინდეს და მათი მართვა უფრო ეფექტური გახდეს.
მარინა შიხაშვილის თქმით, განვითარებული პირველადი ჯანდაცვის პირობებში, რომელიც პრევენციას (მათ შორის სხვადასხვა დაავადების სკრინინგს) და პროაქტიურ სერვისებს მოიცავს, შემცირდება სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და, შედეგად, სახელმწიფოს გართულებული პაციენტების მართვაზე ნაკლები დანახარჯის გაწევა მოუწევს.
„თუ ქვეყანაში არაა კარგი ეკონომიკური მდგომარეობა, არც ბაზისური პაკეტია ფართო. იყო დრო, როცა საქართველოში პირველადი ჯანდაცვა მხოლოდ უბნის ექიმის მომსახურებას გულისხმობდა და არ მოიცავდა კვლევებს. 2025 წლიდან საბაზისო პაკეტი, მისი მოცულობაც და ღირებულებაც გაიზარდა. ეს პაკეტი ბევრად მომხიბვლელი გახდა მოქალაქეებისთვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ - აღნიშნა შიხაშვილმა.
მისი განმარტებით, ყველა ასაკს თავისი სპეციფიკური პრევენციული სერვისების საჭიროებები აქვს და ამ სერვისების მიწოდება სწორედ პირველადი ჯანდაცვის ფუნქციაა.
„ბავშვთა ასაკში ესაა ბავშვთა მეთვალყურეობა, 18-დან 65 წლამდე სქესის მიხედვით სხვადასხვა სკრინინგული ღონისძიებებია აქტუალური, დაწყებული ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით, დამთავრებული ქრონიკული დაავადებების პრევენციით. მაგალითად, წნევის გაზომვა - ესაა დაავადება, რომელსაც სიმპტომატიკა არ აქვს და თუ პაციენტს წნევას არ გაუზომავთ, ამის შესახებ ვერ გაიგებს. იგივეა შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებითაც. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტის განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მოდიფიცირება. უფრო მარტივია, დაუნიშნო პაციენტს მედიკამენტები და მანაც მიიღოს ისინი, ვიდრე ჯანსაღი ცხოვრების წესი დანერგოს,“ - აღნიშნა სპეციალისტმა.
ცნობისთვის: პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში სახელმწიფო მომდევნო წლების განმავლობაში 120 მილიონი ლარის ინვესტიციას გეგმავს.





