უნდა შედიოდეს თუ არა იმუნიზაციის პროგრამაში მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია? ამ საკითხზე სიუჟეტი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა. სიუჟეტის თანახმად, აღნიშნულ თემაზე დისკუსიის გააქტიურება დიდ ბრიტანეთში ინფექციის აფეთქებამ გამოიწვია. მენინგიტის საშიში ფორმის ათეულობით შემთხვევა ახალგაზრდებში გამოვლინდა. ორი მათგანი კი ლეტალური შედეგით დასრულდა. მომხდარმა კითხვები გააჩინა საქართველოშიც, საზოგადოების ნაწილი ინტერესდება, არის თუ არა ქვეყანაში მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი და როგორ ხდება დაავადების მართვა. სპეციალისტების ინფორმაციით, განგაშის საფუძველი არ არსებობს, რადგან ბრიტანეთისგან განსხვავებით, საქართველოში ინფექცია ძალიან იშვიათია და ვაქცინაცია გეგმური აცრების ჩამონათვალში სწორედ ამ მიზეზით არ შედის. როგორ მედიკოსები აცხადებენ, დროული გამოვლენის შემთხვევაში, ინფექციის მკურნალობა გამოჯანმრთელებით სრულდება.
“ის შემთხვევები, რაც დაფიქსირდა 2026 წლის 13 მარტიდან ინგლისში, ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რეგიონს. დაფიქსირდა, რომ გამომწვევი იყო მენინგოკოკის ფორმა, რომელსაც „ბე“ მენინგოკოკს ვეძახით. ბაქტერიული მენინგიტის ეს ფორმა საკმაოდ მძიმე დაავადებაა და როგორც წესი, ძალიან იშვიათი დღევანდელ რეალობაში,“ - განაცხადა იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ. რაც შეეხება სიმპტომებს, მისი თქმით, ესაა მაღალი ცხელება, თავის ძლიერი ტკივილი და ღებინება, რასაც მოჰყვება ნერვული სისტემის დაზიანების სხვადასხვა გამოვლინება, დაწყებული გულყრით, დამთავრებული მძიმე სეფსისით. „მკურნალობა ხელმისაწვდომი და ეფექტიანია, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე. იმ ქვეყნებში, სადაც ამ ფორმის მენინგიტით გამოწვეული ავადობა საშუალო ან უფრო მეტად მაღალია ან ფიქსირდება აფეთქებები, ისე როგორც ახლა იყო ინგლისში, შეიძლება იყოს რეკომენდაცია, რომ ამ ქვეყნებმა დანერგონ ვაქცინა და შეიტანონ ეროვნულ კალენდარში. საქართველო არ მიეკუთვნება ამ ქვეყნების კატეგორიას და შესაბამისად, საკითხი ამ ვაქცინის ეროვნულ კალენდარში ჩართვაზე არც ყოფილა და არც არასდროს დასმულა,“ - განაცხადა იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ მენინგიტის საწინააღმდეგო აცრის გეგმიურ ვაქცინაციაში შეტანა მიზანშეწონილი იქნება.
„შესასწავლია ჩვენი რეალობა - ბოლო წლების სტატისტიკა და სხვა ფაქტორები და უკვე ამის მიხედვით უნდა მოხდეს შეფასება, რამდენად არის საქართველოში მენინგოკოკის ვაქცინის კალენდარულ ვაქცინაციაში ჩართვის საშუალება. ჩემი აზრით, ეს კარგი იქნება, თუმცა ეს ჩემი აზრია და ამას სამუშაო ჯგუფის მუშაობა სჭირდება,“ - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
ინფექცია ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და ვრცელდება ინფიცირებული ადამიანისაგან ცხვირიდან ან პირის ღრუდან გამოყოფილი წვეთების საშუალებით ლაპარაკის, ხველების ან ცემინების დროს, მჭიდრო კავშირის პირობებში და განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, ინფექციის რისკ ჯგუფებს ძირითადად ბავშვები და მოზარდები წარმოადგენენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად დაავადების საშუალოდ 15-20 შემთხვევა რეგისტრირდება, მათ შორის შემთხვევათა 90%-ზე მეტი 0-14 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. მენინგოკოკური მენინგიტისა და მენინგოკოკცემიით გამოწვეული ლეტალობა 10-20%-ს შეადგენს.
სიუჟეტის თანახმად, ამცრელი დაწესებულებების უმრავლესობაში ვაქცინა არ აქვთ, თუმცა ერთეულ კლინიკებში გვითხრეს, რომ ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია, პროცედურამდე იმუნოლოგთან გასაუბრებაა საჭირო.





