სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა გრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას.


ახალი ამბულატორიები გაიხსნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრასა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. სამედიცინო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად არის აღჭურვილი.


სოფლის ამბულატორიებში ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მისი განცხადებით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონებში ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.


მინისტრის თქმით, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარება, სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება აქტიურად გაგრძელდება, რათა მოსახლეობას, საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, ჰქონდეს წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე.
მიმდინარე წელს დაგეგმილია კიდევ 6 ახალი სოფლის ამბულატორიის გახსნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.