ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ცვლილების მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.
მან მოიყვანა მაგალითები, როცა სოცდაუცველის სტატუსი აქვთ და, შესაბამისად, იღებენ ამ სტატუსის თანმდევ ყველა ფინანსურ თუ არაფინანსურ დახმარებას ისეთი ოჯახები, რომლებსაც საკმაო შემოსავლები აქვთ. მეტიც: მინისტრის თქმით, ამ ოჯახებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც ბოლო პერიოდსი ათობით ათასი ლარის შემოსავალი და თანამედროვე ავტომობილები აქვთ შეძენილი.
როგორი იქნება ბაზების გადახედვის კრიტერიუმები და რამდენ ოჯახს მოეხსნება სტატუსი, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ფულადი დახმარების გარდა, სტატუსის მქონე ოჯახები მნიშვნელოვან დახმარებას იღებენ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებშიც.
წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რას ითვალისწინებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა
სოციალურად დაუცველი პირებისათვის.
პირველი კატეგორიაა ის ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ 70 000-დან - 100 000-მდე სარეიტინგო ქულა.
სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს:
ოჯახის ან სოფლის ექიმისა და ექთნის მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურებას ბინაზე;
ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკფაქტორების შეფასებას;
დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა;
ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
ინკურაბელურ და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა;
ექიმის დანიშნულებით, ინსტრუმენტულ გამოკვლევებს - ელექტროკარდიოგრაფია;
ექიმის დანიშნულებით, შემდეგ ამბულატორიულ კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:
✔️სისხლის საერთო ანალიზი;
✔️შარდის საერთო ანალიზი;
✔️გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
✔️კრეატინინი;
✔️ჰემოგლობინი;
✔️ქოლესტერინი სისხლში;
✔️შრატში ლიპიდების განსაზღვრა;
✔️განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
✔️პროთრომბინის დრო (INR).
ოჯახის ან სოფლის ექიმის მიმართვით, 70%-ით (30%-იანი თანაგადახდით) აუნაზღაურდება:
• ექიმ-სპეციალისტთა მომსახურება - ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, ქირურგის კონსულტაცია;
• ამბულატორიულ დონეზე, ექიმის დანიშნულებით, ინსტრუმენტული გამოკვლევები:
✔️საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად);
✔️შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად);
✔️გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია;
✔️ძვლების რენტგენოგრაფია;
•კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები - ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი - TSH.
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება განსაზღვრული ნუსხის მიხედვით ფინანსდება 100%-ით;
გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:
ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე -15 000 ლარი
დაფინანსება:
• ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა ღირებულების 100%-ით;
• 450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად - ღირებულების 100%-ით;
• ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა - პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 70%-ით.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ამ კატეგორიის მოსარგებლეთათვის გეგმური ქირურგიული ოპერაციები ფინანსდება 70%-ით, პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის გათვალისწინებით.
წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი.
• კარდიოქირურგია - პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 70%-ით;
• ონკოქირურგია - პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 70%-ით.
სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას:
• ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიასა და სხივურ თერაპიას;
• სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობას;
• სამედიცინო ჩვენების მიხედვით, ზემოაღნიშნულ პროცედურებს შორის საჭირო კვლევებს.
ინფექციური დაავადებების მართვა ფინანსდება:
• ინფექციური დაავადებები ნუსხის მიხედვით - 80%-ით;
• კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია - 100 %-ით.
აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველები ასევე სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათით (მათ შორის დაფარვების მაღალი ლიმიტებით) სხვა ჯანდაცვის პროგრამებში, მათ შორის - მუნიციპალიტეტების დონეზე.





