დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თერაპიების დაფინანსებასთან დაკავშირებით მოსაზრებებს გამოთქვამენ ექიმები. 


ნევროლოგი ნანა ტატიშვილი პირველ არხთან საუბარში არსებული მედიკამენტების ეფექტიანობაზე საუბრობს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ გარკვეული კვლევები ისევ გრძელდება.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიქმნა რამდენიმე მედიკამენტი, რომლებიც დაავადების მიმდინარეობას და მის ნატურალურ, ბუნებრივ ისტორიას ცვლის. კერძოდ, ანელებს პროგრესირების ხარისხს, თუმცა ამ დაავადების განკურნება დღევანდელი სამკურნალო საშუალებებით ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი. ეს მედიკამენტები მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების წამლის სააგენტოს მიერ, თუმცა, როგორც სხვა წამალს, მათაც აქვთ გარკვეული გვერდითი მოვლენები. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ევროპის წამლის სააგენტომ საჭიროდ ჩათვალა, რომ უფრო გახანგრძლივდეს ამ წამლების გამოცდის პერიოდი ევროპაში,“ - განაცხადა ტატიშვილმა. 
 
სიუჟეტში აღნიშნულია, რომ უკვე  რამდენიმე  თვეა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების  მშობლები თანამედრობე  მედიკამენტების საქართველოში შემოტანას და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას ითხოვენ. მინისტრის გუშინდელი განცხადების თანახმად კი, სახელმწიფო გადაწყვეტილებას მედიკამენტების უსაფრთხოებასა და ეფექტურობის გათვალისწინებით მიიღებს. მშობლების მიერ მოთხოვნილი მედიკამენტების ნაწილს  კი, მისი თქმით, ევროპის წამლების მარეგულირებლის  ავტორიზაცია არ გააჩნია. 
 
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია 5 წლამდე ასაკში იჩენს თავს. პირველი ნიშნებია სიარულის გაძნელება, სირბილის დროს ხშირად დაცემა. მკურნალობის და თერაპიის გარეშე მაღალია შანსი, რომ  ბავშვი ეტლში პატარა ასაკიდანვე  აღმოჩნდეს. ასევე შესაძლოა, თავი იჩინოს სქოლიოზმა, გულის პრობლემებმა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა განვითარდეს. ამ ეტაპზე საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს ჰორმონოთერაპია და12-15 ვარჯიში რეაბილიტაციის მიზნით უფინანსდებათ . დაავადება უმეტესწილად ბიჭებში გვხვდება, სტატისტიკის მიხედვით  მსოფლიოში დაახლოებით 3000 ბიჭიდან ერთს ეს სინდრომი აქვს.  საქართველოში ამ დიაგნოზით 80-მდე ბავშვია აღრიცხული.