ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე ბრიფინგი გამართა. მიხეილ სარჯველაძემ საერთაშორისო კვლევებსა და სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკაზე ისაუბრა, რომელიც ახალ პრეპარატებს ეხება. მინისტრის განცხადებით, დღეს მსოფლიოში არ არსებობს წამალი, რომელიც დაავადებას კურნავს, ახალი თერაპიები კი მხოლოდ დაავადების შენელებას ცდილობს. მინისტრმა ჟურნალისტებს ევროპისა და ამერიკის წამლის მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნები გააცნო. მისი თქმით,
მარეგულირებელი ორგანოები მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკაში, ბავშვების გარდაცვალების შემთხვევებს სწავლობენ.
სარჯველაძის ინფორმაციით, ამერიკის მარეგულირებელმა რამდენიმე პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, მკაცრი გაფრთხილებები გამოაქვეყნა - რაც უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანებისა და მწვავე უკმარისობის, მათ შორის ფატალური შემთხვევების რისკს. არასაკმარისი ეფექტურობის გამო, კი ევროპის წამლის სააგენტომ მედიკამენტების დიდი ნაწილის ავტორიზაციაზე უარი განაცხადა. მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ რისკებისა და საკმარისი მონაცემების არქონის გამო, საქართველოზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი თავს იკავებენ ამ მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსებისგან. მიხეილ სარჯველაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე მომზადებულია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც დიუშენის პაციენტებს, ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული და კვლევითი მომსახურება.
„დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, აქვე იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება შექმნილი, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას.“ - განაცხადა მინისტრმა და მოიყვანა
EMA-ს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც “12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა, პლაცებოსთან შედარებით”.
„ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA), რომელსაც მედიკამენტზე ჰქონდა დაჩქარებული ავტორიზაცია მინიჭებული, 2025 წლის 18 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა კლინიკური კვლევები 3 გარდაცვალების შემთხვევის დაფიქსირების გამო და მოუწოდა მწარმოებელს გაეჩერებინა მედიკამენტების რეალიზაცია. 14 ნოემბერს კი განაახლა მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია, სადაც დააფიქსირა შემდეგი: „მედიკამენტის გამოყენება უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების, მ.შ. ფატალური შედეგის დადგომის რისკს“. კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო იკავებენ თავს ევროპული სახელმწიფოები ამ დრომდეც და არა იმის გამო, რომ მაგალითად რომელიმე სკანდინავიურ სახელმწიფოს ემპათია აკლია ან ენანება ერთ პაციენტზე წლიურად 2.5 მილიონიანი წამლის დაფინანსება. არიან ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც არიან საქართველოზე ბევრად მძლავრი, ვეებერთელა ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით. მაგალითად, ნორვეგია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიხტენშტაინი. არ არის სწორი და ლოგიკური, რომ დავსვათ რიტორიკული კითხვა: ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ ამ დრომდე შეტანილი საკუთარი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?! - მინდა დავესესხო დარგში მოღვაწე ერთ-ერთ ექსპერტს, რომელმაც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კონფერენციაზე ასეთი რამ თქვა: უკანასკნელი 10 წელიწადი იყო რევოლუციური დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სფეროში, მაგრამ დღეს პასუხზე მეტად იმაზე მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე არსებობდა 10 წლის წინ. • გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული თუ სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება. მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც. ყველა ეს ინფორმაცია ეყრდნობა აბსოლუტურად ღია და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს, ოფიციალურ წყაროებს (არა მარკეტინგულებს). გაეცანით ინფორმაციას, ამ წყაროებს და მიაწოდეთ საზოგადოებას სანდო ინფორმაცია. ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს ან უკეთეს შემთხვევაში - დილეტანტურად განცხადებას გააკეთებს, გაეცნონ ამ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები,“ - განაცხადა მინისტრმა.





