17 აპრილი ჰემოფილიის მსოფლიო დღეა. ეს დღე ყოველწლიურად 17 აპრილს აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჰემოფილიისა და სხვა თანდაყოლილი სისხლდენით მიმდინარე დარღვევების, მათ შორის ფონ ვილებრანდის დაავადებისა და იშვიათი კოაგულაციური ფაქტორების დეფიციტის შესახებ. ეს დღე გამოხატავს მხარდაჭერასა და სოლიდარობას ჰემოფილიის და სხვა თანდაყოლილი, სისხლდენით მიმდინარე დაავადებების მქონე ადამიანების მიმართ და ხაზს უსვამს ადრეული დიაგნოსტიკის და სათანადო მკურნალობის მნიშვნელობას.
ჰემოფილიის მსოფლიო დღე 1989 წლიდან აღინიშნება და უკავშირდება ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის დამფუძნებლის, ფრენკ შნაბელის დაბადების თარიღს.
ჰემოფილია თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლის შედედების ფაქტორების (ძირითადად VIII ან IX ფაქტორის) დეფიციტით, რის შედეგადაც პაციენტებს აღენიშნებათ გახანგრძლივებული სისხლდენა. დაავადება ძირითადად X-ქრომოსომასთან არის დაკავშირებული და უფრო ხშირად ვლინდება მამაკაცებში.
2026 წლის მსოფლიო დღის გზავნილია „დიაგნოზი: ზრუნვის პირველი ნაბიჯი“, რაც ხაზს უსვამს დიაგნოსტიკის კრიტიკულ მნიშვნელობას, როგორც მკურნალობისა და ზრუნვის უპირველეს და აუცილებელ ნაბიჯს.
საქართველოში „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება.





