სკოლებში ფორმების ტარება 6 კლასის ჩათვლით სავალდებულო ხდება. ცნობილია ესკიზებიც, რომელთა საფუძველზეც მოსწავლეების ტანისამოსი შეიკერება. ეს საჯარო სკოლებს ეხება, კერძო სკოლები კი ფორმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.
ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, არცთუ იშვიათად მსჯელობა მწვავე ხასიათს იღებდა.
ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე კი საკითხის ფსიქოლოგიურ მხარეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სკოლის ფორმა ბევრისთვის უბრალო წესად ან ვალდებულებად აღიქმება, თუმცა სინამდვილეში მას გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს.
„სკოლის ფორმა არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, ის გამოხატავს: იდენტობას, თანასწორობას და დაცვას. ეს არის არა მხოლოდ ჩაცმულობა, არამედ სოციალური და ფსიქოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის იდენტობაზე, ურთიერთობებზე და უსაფრთხოებაზე როგორც სკოლაში, ისე საზოგადოებაში.
სკოლა თავისთავად არის სოციალური ველი, რომელსაც აქვს საკუთარი წესები, ღირებულებები და ქცევის ჩარჩოები. ამ სივრცეში შესვლისას ბავშვი იღებს ახალ, მოსწავლის როლს. სკოლის ფორმა სწორედ ამ როლის ხილული გამოხატულებაა. მისი ჩაცმა ყოველდღიურად ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ, რომ ისინი კონკრეტული საზოგადოების ნაწილი არიან, სადაც ყველას საერთო პასუხისმგებლობა და მიზანი აქვს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რასაც სკოლის ფორმა ასრულებს, არის თანასწორობის განცდის გაძლიერება. ერთგვაროვანი ჩაცმულობა ამცირებს სოციალურ განსხვავებებზე აქცენტს და ზღუდავს კონკურენციას ტანსაცმლის, ბრენდების ან ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვები ნაკლებად ადარებენ ერთმანეთს გარეგნობით და მეტად ცოდნით, ქცევითა და ურთიერთობით. ეს ამცირებს სტრესს, ბულინგისა და გარიყვის რისკს.
სკოლის ფორმა მნიშვნელოვანია იდენტობის ფორმირების პროცესშიც. ბავშვი თანდათან ქმნის წარმოდგენას საკუთარ თავზე. ფორმა აძლიერებს „მოსწავლის იდენტობას“ და აჩენს კუთვნილების განცდას. პირველი სკოლის ფორმა ბევრის მეხსიერებაში რჩება როგორც ახალი ცხოვრების ეტაპის სიმბოლო: პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლობის და საზოგადოების ნაწილად ყოფნის პირველი შეგრძნება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის ფორმის დამცავი როლი. სასწავლო სივრცეში ფორმა ხელს უწყობს დესექსუალიზებულ გარემოს, ამცირებს სხეულზე, გარეგნობაზე ან გამომწვევ ჩაცმულობაზე გადაჭარბებულ ყურადღებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდობის ასაკში, როცა ბავშვები უფრო სენსიტიურები არიან შეფასებების მიმართ. ნეიტრალური ჩაცმულობა ამცირებს არასასურველი კომენტარებისა და ქცევების რისკს.
სკოლის გარეთაც ფორმას აქვს მნიშვნელობა, იგი ბავშვს მკაფიოდ წარმოაჩენს როგორც არასრულწლოვანს და მოსწავლეს, რაც საზოგადოებაში უფრო პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას იწვევს. ეს ზრდის უსაფრთხოების განცდას და გარკვეულწილად იცავს ბავშვებს არასათანადო ყურადღებისგან.
საბოლოოდ, სკოლის ფორმა არ არის ინდივიდუალობის დამშლელი ფაქტორი. პირიქით, ის ქმნის დაცულ და თანასწორ გარემოს, სადაც ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი თავის გამოვლენა არა გარეგნობით, არამედ აზროვნებით, ცოდნითა და ქცევით. სწორად გააზრებული სკოლის ფორმა არის იდენტობის, ღირსების და უსაფრთხოების ერთ-ერთი საყრდენი,“ - ამბობს მაგდა კოტრიკაძე.





