საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში შაქრიანი დიაბეტი 13 131 ადამიანს დაუდასტურდა. წინა წელს ეს მაჩვენებელი 12 149 იყო, 2022 წელს კი — 9 668. ეს ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ დაავადების გავრცელება წლიდან წლამდე მზარდია.


სამწუხაროდ, დიაბეტი მხოლოდ ერთ დაავადებას არ გულისხმობს და მასთან არაერთი გართულების მაღალი რისკია დაკავშირებული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული თვალის დაავადებებია, რომლის არასწორი მართვის შემთხვევაში, მხედველობის დაკარგვამდეც მივყავართ.


საერთაშორისო დარგობრივი ორგანიზაციების მონაცემებით, დიაბეტის მქონე პაციენტებში თვალის დაავადებების განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია. თუმცა რეგულარული მონიტორინგის, დაავადების დროული აღმოჩენისა და თანამედროვე მკურნალობის შემთხვევაში, ეს რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 21-ე საუკუნის მედიცინის მთავარი პრინციპები - სკრინინგი, პრევენცია და დროული მკურნალობა რეალურად მუშაობს. თუმცა ამ პრინციპების განხორციელებისთვის აუცილებელია როგორც პაციენტების მაღალი ცნობიერება, ისე შესაბამისი ფინანსური რესურსები.


საქართველოში ორივე მიმართულება პრობლემურია. შესაბამისად, პაციენტებისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით გარკვეული აქტივობები ტარდება და პროფესიულ წრეებშიც მიმდინარეობს აქტიური განხილვები. თუმცა დაფინანსების კუთხით პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა, რადგან დროული დიაგნოსტიკაც კი ვერ იღებს შედეგს, თუ პაციენტს საჭირო მკურნალობაზე წვდომა არ გააჩნია. ამ ფონზე, მსოფლიოში უკვე მრავალი წელია წარმატებით გამოიყენება ინოვაციური პრეპარატები — თვალშიდა ინექციები, რომლებიც მხედველობის გაუარესებასა და სიბრმავესაც კი აფერხებს. საქართველოში კი არც სახელმწიფო პროგრამები და არც სადაზღვევო კომპანიები ამ მკურნალობას პრაქტიკულად არ აფინანსებენ.


სიბრმავის გამომწვევი ოთხი ძირითადი დაავადებაა: გლაუკომა, კატარაქტა, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტინოპათია (დიაბეტური მაკულის შეშუპება). პირველი ორი დაავადების მკურნალობა სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება, ხოლო ბოლო ორის შემთხვევაში მკურნალობა პაციენტებისთვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომი არ არის.


მკურნალობა გულისხმობს ანტიანგიოგენეზური პრეპარატების თვალშიდა ინექციების სახით შეყვანას, რაც დაავადების პროგრესირების შეჩერების ერთადერთი ეფექტური გზაა. ამ მედიკამენტებს ბადურის დაავადებების მკურნალობაში ალტერნატივა არ გააჩნია. თუმცა ათასობით პაციენტს მათი საკუთარი სახსრებით შეძენა არ შეუძლია და ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულებს აქვთ. პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება, რადგან იმ პაციენტების რიცხვი, რომლებსაც აღნიშნული ინექციები ესაჭიროებათ, მუდმივად იზრდება. ჯანმოს მონაცემებით, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. 


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიაბეტის მართვის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა - საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს დიაბეტის სახელმწიფო პროგრამა. სპეციალისტების შეფასებით, ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი პროგრამის გაფართოება და მისი ეფექტიანობის გაზრდაა, რათა დიაბეტის მქონე პაციენტების მართვა იყოს კომპლექსური და მოიცავდეს თვალის ჯანმრთელობის კომპონენტსაც.

* * *


jandacva.ge-ს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი,“ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- საქართველოს“ დირექტორი და დამფუძნებელი ნინო კარანაძე ესაუბრა.


- სტატისტიკის თანახმად, საქართველოში დიაბეტით დაავადებული პაციენტების რაოდენობა ბოლო წლებში იზრდება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ იზრდება დიაბეტთან დაკავშირებული თვალის პრობლემების მქონე პაციენტების რიცხვიც და ამ ტენდენციის რა მთავარ მიზეზებს გამოყოფდით?


- თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში დაახლოებით 190,000-მდე ადამიანი ცხოვრობს დიაბეტით, მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 50,000–60,000 პაციენტს შეიძლება ჰქონდეს დიაბეტური რეტინოპათია. რეალური რიცხვი შეიძლება მეტიც იყოს დაუდგენელი შემთხვევების გამო. საქართველოში ის სავარაუდოდ ძალიან გავრცელებულია, მაგრამ არასრულად დიაგნოსტირებული. მიზეზებიდან გამოვყოფდი დიაბეტის გვიან დიაგნოსტიკას, არარეგულარულ სკრინინგს (თვალის გამოკვლევა ხშირად არ ტარდება), გლიკემიის (სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე) არასათანადო კონტროლს და ჯანმრთელობის სერვისებზე არათანაბარ ხელმისაწვდომობას რეგიონებში.


- დიაბეტის მქონე პაციენტების რა ნაწილს უვითარდება დიაბეტური რეტინოპათია და თუ ამცირებს ამ რისკს პროფილაქტიკური კვლევები და მკურნალობის დროული დაწყება?


- დიაბეტთან დაკავშირებული თვალის გართულებები, განსაკუთრებით დიაბეტური რეტინოპათია, საკმაოდ ხშირია, თუმცა მათი განვითარება და პროგრესირება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კონტროლსა და დროულ ჩარევაზე. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 25–30%-ს აქვს დიაბეტური რეტინოპათია. დაავადების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად ეს მაჩვენებელი იზრდება: 10 წლის შემდეგ დიაბეტური რეტინოპათია უვითარდება პაციენტთა დაახლოებით 40% -ს, 20 წლის შემდეგ კი შეიძლება მიაღწიოს 60%-საც. ანუ, რაც უფრო დიდხანს აქვს ადამიანს დიაბეტი, მით უფრო მაღალია რისკი. რისკს ზრდის: სისხლში შაქრის მაღალი დონე (ცუდი კონტროლი), მაღალი არტერიული წნევა, ლიპიდური ცვლის დარღვევა, მოწევა, დიაბეტის ხანგრძლივობა. ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული სკრინინგი. ადრეულ ეტაპზე დაავადება სიმპტომების გარეშეა. სკრინინგით შესაძლებელია მისი აღმოჩენა მაშინ, როცა მკურნალობა ყველაზე ეფექტურია და მხედველობა ჯერ არ არის დაზიანებული. კვლევები აჩვენებს, რომ სისხლში შაქრის კარგი კონტროლი ამცირებს რეტინოპათიის განვითარების რისკს დაახლოებით 25–70%-ით. თუ რეტინოპათია უკვე არსებობს, დროულმა მკურნალობამ (ლაზერი, ინექციები და სხვ.) შეიძლება შეამციროს სიბრმავის რისკი 90%-მდე.


- ოჯახის ექიმის როლი როგორია ამ ყველაფერში - მისი ფუნქცია ხომ პოტენციური რისკების დანახვა და ჩივილებით მისული პაციენტის გადამისამართებაა?


- რეალურად ოჯახის ექიმი არის პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის და გართულებების შემცირების მთავარი რგოლი. ოჯახის ექიმი არ არის მხოლოდ „გადამამისამართებელი“ - ის არის ფილტრი (ვინ არის რისკში), მენეჯერი (ქრონიკული დაავადების კონტროლი), პრევენციის მთავარი ფიგურა. პრაქტიკულ რეალობაში ხშირად ხდება, რომ პაციენტი ოფთალმოლოგთან მიდის მხოლოდ მაშინ, როცა უკვე აქვს სიმპტომები, ამ დროს დიაბეტური რეტინოპათია უკვე პროგრესირებულია. სწორად ჩართული ოჯახის ექიმი ამ სცენარს მთლიანად ცვლის.

- რაც შეეხება მკურნალობას, დიაბეტური რეტინოპათიის მქონე პაციენტებში ყველაზე ხშირად ექიმები  ძველი თაობის პრეპარატს იყენებენ , თუმცა ცნობილია, რომ საუკეთესო შედეგები ახალი თაობის ანტიანგიოგენეზურ პრეპარატებს აქვთ, რომლებიც თვალშიდა ინექციების სახით კეთდება, მაგრამ ამ მედიკამენტების ფასი შედარებით მაღალია. აღნიშნული ახალი თაობის მედიკამენტებით მკურნალობა, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ აჭარის რეგიონში ფინანსდება. რეალურად, რამდენ პაციენტს აქვს ამ ძვირადღირებული თერაპიისთვის საჭირო თანხები?


- დიაბეტური რეტინოპათიის მართვაში თანამედროვე სტანდარტი მართლაც ანტიანგიოგენეზური პრეპარატების თვალშიდა ინექციებია. თუმცა მათი მაღალი ღირებულება სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს. მკურნალობა, როგორც წესი, ერთჯერადი არ არის და განმეორებით ჩარევებს მოითხოვს. შესაბამისად, ამ ხარჯის გაწევა პაციენტთა ძალიან მცირე ნაწილს შეუძლია. ამ ვითარებაში განსაკუთრებით თვალსაჩინოა სახელმწიფოს მხარდაჭერის საჭიროება.  საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რა მასშტაბის სოციალურ და ფსიქოლოგიურ ტვირთს ატარებენ მხედველობის დარღვევის მქონე პაციენტები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თერაპიის დაფინანსება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, აჭარის რეგიონში უკვე არსებობს შესაბამისი პრეცედენტი, რაც ადასტურებს, რომ მსგავსი მოდელის დანერგვა რეალურია. ასევე მნიშვნელოვანია გავიხსენოთ წარმატებული მაგალითი, როდესაც სახელმწიფომ გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები შეიტანა  დაფინანსების პროგრამაში. მართალია, აღნიშნული პრეპარატები შედარებით ნაკლებად ძვირია, თუმცა მათი საჭიროება ფართო მასშტაბისაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულად ვუერთდები ინიციატივას, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს დიაბეტური რეტინოპათიის მქონე პაციენტებისთვის ანტიანგიოგენეზური ინექციების დაფინანსების უზრუნველყოფას. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც დაავადების პროგრესირების შეჩერების, ისე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.


- მარტივად რომ აუხსნათ საზოგადოებას, რა ემართება თვალს, თუ პაციენტი ფინანსური ბარიერის გამო საჭირო ინექციებს ვერ იკეთებს ან შუა გზაში წყვეტს მკურნალობას?


- შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც სისტემურად აზიანებს მიკრო და მაკროვასკულარულ სტრუქტურებს. განსაკუთრებით ხშირია თირკმლების, ნერვული სისტემისა და თვალის ბადურის მიკროცირკულაციის დაზიანება. ბადურაზე დიაბეტისთვის დამახასიათებელი მიკროანევრიზმები, ჰემორაგიები, ექსუდატები და ნეოვასკულარიზაცია ხშირად პირველი კლინიკური ნიშანია, რის საფუძველზეც ოფთალმოლოგები პაციენტებს ენდოკრინოლოგთან ამისამართებენ. თუ სისხლში გლუკოზის კონტროლი არ ხდება დროულად და ეფექტიანად, დიაბეტური რეტინოპათიის ჩამოყალიბების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ამიტომ აუცილებელია რეგულარული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა (ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფია, თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპია, ფუნდუსფოტოგრაფირება და სხვა) და ენდოკრინოლოგიური მონიტორინგი. სისხლში გლიკემიის მაღალი მაჩვენებლების გამოვლენისას აუცილებელია თვალის ფსკერის დაუყოვნებელი დათვალიერება და ცვლილებების აღმოჩენისას დროული გადამისამართება სპეციალისტთან. საწყის ეტაპზე დიაბეტური რეტინოპათია ასიმპტომურია. სიმპტომების განვითარება, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, ბნელი ლაქა მხედველობის არეში, ფერების აღქმის გაუარესება ან გაორება, დიაბეტური რეტინოპათიის მძიმე სტადიასა და არაკონტროლირებად დიაბეტზე მიუთითებს. გვიან სტადიაზე უკვე ვითარდება მაკულარული შეშუპება ან ბადურის სისხლჩაქცევები. არადროული და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში ეს სიმპტომები ძლიერდება, მხედველობა ქვეითდება და, შესაძლოა, სიბრმავემდეც მივიდეთ.



- რამდენიმე ხნის წინ ექიმებმა, პაციენტებმა და საზოგადოების რიგითმა წევრებმა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართეს წერილით მოწოდებით, რომ საქართველოში დიაბეტური მაკულარული შეშუპების (DME)-ის მკურნალობის პროგრამა დაიწყოს. თქვენი წერილის მთავარი ადრესატები გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან. რა არის ის მინიმალური ნაბიჯი, რაც სახელმწიფომ ახლავე უნდა გადადგას მხედველობის გადასარჩენად?


- მინიმალური, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას, არის დიაბეტური მაკულარული შეშუპების (DME) თანამედროვე, ეფექტიანი მკურნალობის — ანტიანგიოგენეზური პრეპარატების თვალშიდა ინექციების — დაფინანსების უზრუნველყოფა. აღნიშნული თერაპია დღეს პაციენტთა უმრავლესობისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია მაღალი ღირებულების გამო, რაც პირდაპირ აისახება მათი მხედველობის პროგრესულ გაუარესებაზე. ამ ინექციების დაფინანსება არ არის მხოლოდ სამედიცინო ჩარევა — ეს არის ინვესტიცია პაციენტების ფუნქციური დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში. დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს სიბრმავის რისკს, რაც თავის მხრივ ამცირებს სოციალურ და ეკონომიკურ ტვირთს როგორც ოჯახებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაავადება ხშირად შრომისუნარიან ასაკშიც ვითარდება, რის გამოც ეფექტიანი მკურნალობის არარსებობა იწვევს შრომითი რესურსის დაკარგვას. ამიტომ, პაციენტებთან ერთად, სამედიცინო საზოგადოებაც ერთხმად უჭერს მხარს აღნიშნულ ინიციატივას — რადგან ეს არის არა მხოლოდ  ინდივიდუალური ჯანმრთელობის, არამედ საზოგადოებრივი და ეკონომიკური კეთილდღეობის საკითხი.